ამირან გამყრელიძე - საკმაოდ კარგი პერსპექტივაა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინას მესამე კვარტალში მივიღებთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონი დოზის შემოტანასთან დაკავშირებული თარიღი კვლავ არ არის დაზუსტებული.
როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, საკმაოდ კარგი პერსპექტივაა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინას მესამე კვარტალში მივიღებთ.
„თარიღი არ არის დაზუსტებული. საუბარია, რომ მას მივიღებთ მესამე კვარტალში. ამის საკმაოდ კარგი პერსპექტივაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო ელოდება სხვა ვაქცინებსაც.
„ვაქცინაციის ტემპი უკეთესია, ვიდრე ეს იყო მარტ-აპრილში. მაისში საშუალო დღიური აცრის რაოდენობა 3 600-3 700-ის ფარგლებში გვაქვს. ეს სამჯერ მეტია, ვიდრე აპრილში და გვინდა მეტი. დაახლოებით, ამ ეტაპზე 4 000-დან 5 000-ის ფარგლებში რომ იყოს ყოველდღიური აცრების რაოდენობა მაისში და შემდეგ უკვე, აუცილებლად გვინდა 5 000-7 000-ის ფარგლებში იყოს ივნისში. ახლა ადამიანური რესურსი, ვინც ცრის, მობილიზებულია და შესაძლებელია, მაღალ ციფრებზე ავიდეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, იცით, რომ მთელ მსოფლიოში არის ვაქცინის დეფიციტი, ამიტომ ჩვენი მარაგები ვაქცინების თანდათანობით ივსება. ივნისში ასევე ველოდებით „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს „კოვაქსიდან“ და როგორც იცით, პირდაპირი მოლაპარაკებაა ჩინეთთან ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმის“ მიღებასთან დაკავშირებით. ეს იქნება ივნისის მეორე ნახევარი-ივნისის ბოლოსკენ. ამიტომ, ბალანსირებული უნდა იყოს ტემპი და ქვეყანაში არსებული ვაქცინის მარაგი“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.