ამირან გამყრელიძე - სახეზეა ახალი შტამის ცირკულაციის მატება, დღევანდელი შემთხვევების ათი პროცენტი „ომიკრონზე“ მოდის
სახეზეა ახალი შტამის ცირკულაციის მატება, დღევანდელი შემთხვევების ათი პროცენტი უკვე „ომიკრონზე“ მოდის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, „ომირკონი“ სწრაფად ვრცელდება.
„ლაბორატორიული კვლევებით, რასაც ჩვენი ცენტრი აწარმოებს, „ომიკრონის“ შემთხვევათა რაოდენობა მატულობს. როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება, ის საკმაოდ სწრაფი ტემპით იმატებს როდესაც იწყება მისი შიდა ცირკულაცია, ანუ შიდა გადადება. უნდა ველოდოთ, რომ შემდეგი ორი კვირა მატების ტენდენცია იქნება.
რაოდენობა მეტი იქნება, ვიდრე გვქონდა სხვადასხვა ტალღების პიკზე. ამას მიანიშნებს ის, რომ მსოფლიოში ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა. ესეთი ამ ორი წლის განმავლობაში პანდემიის პერიოდში არ ყოფილა. მაქსიმუმი ყოველდღიური შემთხვევების იყო 800 000-900 000 შემთხვევამდე. დღეს უკვე ჩვენ ყოველდღიური გვაქვს ორ მილიონზე მეტი. ამან გადატვირთა ჯანდაცვის სექტორი. ანუ ტესტირებაზე მეტი მოთხოვნაა, ამბულატორიული მიმართვიანობის და ონლაინკონსულტაციების მეტი მოთხოვნაა. მაგრამ ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა მთელ რიგ ქვეყნებში და სიკვდილიანობის ზრდა არ აღინიშნება“,- განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, საქართველოში „ომიკრონით“ დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია რვა ადამიანს დასჭირდა.
„ჰოსპიტალურ სექტორში 4 000-ზე მეტი ადგილია. ჰოსპიტალური მიმართვიანობა „ომიკრონის“ ხარჯზე დიდი არ გვაქვს. ჰოსპიტალიზაცია „ომიკრონით“ დადასტურებული შემთხვევებიდან დასჭირდა რვა ადამიანს და ხუთი უკვე კარგად არის. სამი რჩება თანმხლები დაავადებით. სერიოზული გადატვირთვაა მოსალოდნელი პირველადი ჯანდაცვის სექტორის, ანუ ოჯახის ექიმების. გაძლიერდება ონლაინკლინიკები, რომ ყველა ადამიანმა შესაბამისი ონლაინკონსულტაცია მიიღოს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, „ომიკრონს“ შედარებით აკავებს ბუსტერიზაცია.
„მთავარი რეკომენდაცია, რაც „ომიკრონს“ შედარებით აკავებს, ეს არის ბუსტერიზაცია. სასურველია, რომ მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვინც ორჯერ აიცრა, გაიკეთოს ბუსტერი. აცრები გახლავთ მთავარი შემაკავებელი. ვინც არ არის აცრილი, აუცილებლად უნდა აიცრან. მნიშვნელოვანია პირბადის უნივერსალური ტარება, რომელიც აკავებს „ომიკრონსაც“.ასევე დისტანცია, სანიტარიზაცია და თავის არიდება თავშეყრის ადგილების.
„ომიკრონიც“ იგივე სიმპტომებით იწყება. განსხვავებული აქვს ის, რომ ახასიათებს ძლიერი სურდო, ასევე ღამის ოფლიანობა, ყელის ჩახეხვა“,- აღნიშნა გამყრელიძემ.
ამასთან, რაც შეეხება ახალ შტამ „დელტაკრომს“, გამყრელიძის თქმით, ეს დგინდება მხოლოდ სექვენირებით.
„ორივე შტამი ჯერ არ გვინახავს, მაგრამ თეორიულადაც და პრაქტიკულადაც დასაშვებია, როდესაც ორივე მუტაცია შესაძლოა, იყოს. ჯერ სრულად არც ერთ ქვეყანაში არ ჩაანაცვლა „ომიკრონმა“ „დელტა“. ანუ ორივეს ცირკულაცია ხდება. დასაშვებია ამ ტიპის შტამი ნიმუშში იყოს“,- აღნიშნა გამყრელიძემ.