ამირან გამყრელიძე - სახელმწიფოს ხარჯზე სწრაფი ტესტები ამ ეტაპზე მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანს უკეთდება, ორ-სამ დღეში ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდებით
ამირან გამყრელიძე - სახელმწიფოს ხარჯზე სწრაფი ტესტები ამ ეტაპზე მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანს უკეთდება, ორ-სამ დღეში ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტესტირების პროტოკოლში დროებით შევიდა მცირე ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ამ ეტაპზე სახელმწიფოს ხარჯზე სწრაფი ტესტები მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანებს უკეთდებათ.

„პროტოკოლში დროებით შეტანილ იქნა მცირე ცვლილება. ამ ეტაპზე სწრაფი ტესტები მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანს უკეთდება სახელმწიფოს ხარჯზე, ხოლო უსიმპტომოებს ვთავაზობთ „პისიარ“ ტესტირებას. მოგეხსენებათ, სწრაფი ტესტი 15-20 წუთში იძლევა პასუხს, ხოლო „პისიარს“ სჭირდება დაახლოებით, 24 საათი. ორ-სამ დღეში ეს სრულად მოწესრიგდება და დავუბრუნდებით ჩვეულებრივ რიტმს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში ყოველდღიური ტესტირების საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით, 27 000-ს შეადგენს.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მარაგების შევსება მუდმივად მიმდინარეობს და ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება.

„ტესტების შევსება მუდმივად მიმდინარეობს, განსაკუთრებით ბევრია ხარჯვა ანტიგენზე დამყარებული ტესტების. მილიონ ნახევარია კიდევ ნაყიდი, ხვალ უნდა შემოვიდეს დღის განმავლობაში 400 000 ტესტი, შემდეგ კიდევ 400 000, ანუ პირველი მილიონი უნდა შემოვიდეს ამ კვირაში. ასე რომ, ვფიქრობ, ქვეყანაში ტესტების დეფიციტი არ შიქმნება. ქვეყანაში საკმარისია „პისიარ“ ტესტების მარაგი, რომლითაც ივსება, თუ სადმე ჩნდება ანტიგენზე დამყარებული ტესტის დეფიციტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.