ამირან გამყრელიძე - სახელმწიფო მზად არის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება გაუწიოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სახელმწიფო მზად არის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სათანადო დახმარება გაუწიოს.
ამირან გამყრელიძის თქმით, არც ოკუპირებულ აფხაზეთსა და არც ცხინვალის რეგიონში ამ დაავადების დიაგნოსტირების საშუალება არ არსებობს, შესაბამისად, საეჭვო შემთხვევების ლაბორატორიულად გამოვლენა ვერ მოხდება.
მისი თქმით, უკვე გაკეთდა შეთავაზება, რომ ცენტრალური ხელისუფლება და არსებული სამედიცინო სერვისი დაეხმარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს დაავადების დიაგნოსტირებაში და სათანადო მკურნალობაში.
„მეც ვარ ჩართული ამ ურთიერთობაში და ვიცი სიტუაცია, რომ იყოს ვირუსის შესაძლო შემთხვევა სამწუხაროდ, არ აქვთ საშუალება დიაგნოსტიკის. ამიტომ ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ მზად ვართ, დავეხმაროთ დიაგნოსტიკაში და თუ საჭირო გახდა, მერე გადმოყვანა ავადმყოფის და მკურნალობა. ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ მზად ვართ, მივეხმაროთ მათ, პირველ რიგში იდენტიფიცირებაში შესაძლო შემთხვევისა და მათ შემდგომ მართვაში. ასევე, რა თქმა უნდა, თუ თანახმა იქნებიან, ჩვენ მზად ვართ, როგორც სხვა საკითხებშიც დავეხმაროთ. მოგეხსენებათ, ვეხმარებით ანტიტუბერკულოზური ვაქცინების მიწოდებით, შიდსის საწინააღმდეგო წამლებით, ტრენინგები უტარდებათ შიდსი როგორ მართონ, ტუბერკულოზი როგორ მართონ, ჰეპატიტზე გვქონდა ასეთი ურთიერთობები და აქაც სრულად მზადყოფნა იმის, რომ დავეხმაროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.