ამირან გამყრელიძე - სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა თავისი მოქალაქეები უყურადღებოდ არ დატოვოს, ორ თვითმფრინავს თვითონ დავხვდი, ვნახე, ხალხი როგორი მადლობელი იყო
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს სხვა ქვეყნებში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად და სამშობლოში ჩამოსაყვანად.
„საქართველო აკეთებს ყველაფერს თავის შესაძლებლობის ფარგლებში, რომ თავისი თანამემამულეები და თანამოქალაქეები არ დატოვოს უყურადღებოდ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი სამუშაოდ არიან, ან სამოგზაუროდ იყვნენ. პირველ ორ თვითმფრინავს მე თვითონ დავხვდი, ჩინეთსა და იტალიას, ვნახე, ხალხი როგორი მადლობელი იყო, სახელმწიფო როგორც ზრუნავს მათზე, როგორ ორგანიზებულად მოხდა მათი გადმოყვანა და დაბინავება. დაახლოებით 4500 ადამიანი არის კარანტინში, ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის დეპარტამენტი ამ მხრივ ძალიან ინტენსიურად მუშაობენ და ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს ქვეყანაში ამ ადამიანებისთვის, ვინც მოდიან, რომ ორი კვირა კარანტინი ან თვითიზოლაცია გაიარონ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ბევრი ადგილია და საკარანტინო ადგილების დეფიციტი დღეისათვის არ არსებობს.
„ვიცი, რომ მთავრობის სხდომაზე იხილებოდა გუშინწინ განრიგი. საგარეო საქმეთა სამინისტრო კოორდინირებს ამას ყველაფერს, რომელი ქალაქიდან როდის რამდენი ადამიანის გადმოყვანა ხორციელდება. ასე რომ, მოდით, ამ დროს თვითინიციატივები არ გვინდა. სახელმწიფო აკეთებს ამას და ვისაც შეუძლია სახელმწიფოს მიეხმაროს, კი ბატონო, მაგრამ სახელმწიფო უწევს კოორდინირებას ამ პროცესს და დარწმუნებული ვარ, არც ერთი ადამიანი უყურადღებოდ არ დარჩება. ეს ქვეყნის მოვალეობაა, რომ თავისი მოქალაქეები უყურადღებოდ არ დატოვოს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.