ამირან გამყრელიძე - როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, რადგან ვაქცინაციის გარეშე ჩვენ „კოვიდს“ ვერ დავამარცხებთ
ძალიან დიდი სოლიდარობა უნდა იყოს საზოგადოებაში, როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, რადგან, ხაზს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაციის გარეშე ქვეყანა კორონავირუსის დამარცხებას ვერ შეძლებს.
„ჩვენი ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი. როდესაც ვამბობ მოსახლეობას, მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციისა. საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60 პროცენტი უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ.
ძალიან მინდა, მოსახლეობის 60 პროცენტი წელს ავცრათ. რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ, ძალიან დიდი სოლიდარობა უნდა იყოს საზოგადოებაში, როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, რადგან, ხაზს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია. ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინაციის გარეშე ჩვენ „კოვიდს“ ვერ დავამარცხებთ. ამიტომ, ყევლანი უნდა გავერთიანდეთ და კარგად გავითავისოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.