ამირან გამყრელიძე - როდესაც კორონავირუსის რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება, საქართველოც მიიღებს 700 000 ადამიანის სამყოფ დოზას
„ვაქცინების გლობალური ალიანსისთვის“ დაკვეთილი გვაქვს კორონავირუსის ვაქცინის 700 000 ადამიანისთვის სამყოფი დოზა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტოს, ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება, საქართველოც მიიღებს 700 000 ადამიანის სამყოფ დოზას.
გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში, რისკ-ჯგუფები აიცრებიან.
„ჩვენ გაერთიანებული ვართ ე.წ. „კოვაქს“ პლატფორმაზე, რომელიც შექმნილია საერთაშორისო ორგანიზაცია „ვაქცინების გლობალური ალიანსის“ მიერ. ამ ალიანსთან ვთანამშრომლობთ უკვე ორი ათეული წელია. ეს პლატფორმა რომელ ვაქცინას შეისყიდის, ეს ჯერ არ ვიცით. ანუ რომელი ვაქცინაც დამტკიცდება, იქნება ეს გერმანული წარმოების, ბრიტანული, ამერიკული თუ სხვა წარმოების, იმის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება. ამ „კოვაქსთან“ ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველო. საქართველომ უკვე პირველი ოთხი მლნ დოლარი გადარიცხა „კოვაქს“ პლატფორმაზე და დაკვეთილი გვაქვს 700 000 ადამიანის სამყოფი დოზა ვაქცინისა. ეს ჯდება დაახლოებით, 17 მლნ დოლარამდე. როდესაც რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტოს (FDA), ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საქართველო მიიღებს ამ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინას და აიცრება დაახლოებით 700 000 ადამიანი. პირველ რიგში, ესენი იქნებიან რისკ-ჯგუფები“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი