ამირან გამყრელიძე - „რემდესივირი“ გამოიყენება ბევრ ქვეყანაში, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მარეგულირებლის მიერაა დამტკიცებული, ყველა ტიპის ანტივირუსულ პრეპარატზე უნდა იყოს ხელმისაწვდომობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი“ ახლაც გამოიყენება ძალიან ბევრ ქვეყანაში, რადგან ის დამტკიცებულია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მარეგულირებლის, ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ყველა ანტივირუსულ პრეპარატზე უნდა იყოს ხელმისაწვდომობა, ხოლო მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ წამყვანი კლინიცისტები და კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლები.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ ამ პრეპარატის დანიშვნა არის წინააღმდეგ ჩვენება კოვიდ ინფიცირებულთა მკურნალობაში, ეს პრეპარატი გახლავთ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც შეიქმნა ებოლას საწინააღმდეგოდ 2014-2015 წლებში და შემდეგ გამოყენებული იქნა სწორედ ამ პანდემიის პერიოდში, გაზაფხულის ტალღის დროს ძალიან ბევრ კლინიკაში და დღესაც იყენებენ. ამ პრეპარატს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ არ მისცა რეკომენდაცია, როგორც ფართო მოხმარების პრეპარატს, მაგრამ მას აქვს რეკომენდაცია ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოსი მისი გარკვეული ჩვენებებით ხმარებისას, ასევე აქვს ამერიკის ინფექციური საზოგადოების რეკომენდაცია, რომ ის შეიძლება იქნას გამოყენებული და მას აქვს ეფექტი, რომ თუ სწორად, ჩვენებებითაა დანიშნული, რაც არის პროტოკოლში გაწერილი, გარკვეულად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის დროს.
მე განათლებით ექიმი ვარ, არ ვარ მხოლოდ ჩინოვნიკი, მიზანშეწონილია, რომ ქვეყანაში ყველა ანტივირუსული საშუალება იყოს, ისევე როგორც არის მაგალითად რიბავირინი, არ არის ის ვთქვათ დამტკიცებული, რომ აუცილებლად, მაგრამ რიბავირინსაც იყენებდნენ, იყენებდნენ სხვა ანტივირუსულ პრეპარატებს და ბევრი კლინიკა ამას იყენებს, რადგან გარდა ე.წ. მკაცრი გაიდლაინებისა, ასევე საექიმო პრაქტიკაში არის ის, როდესაც გამოცდილი ექიმები იყნებენ პრეპარატს, რომელიც შესაძლებელია, ამ დროს დაინიშნოს. ხაზს ვუსვამ, ამ პრეპარატს არ აქვს წინააღმდეგ ჩვენება ამ დაავადების დროს. რა თქმა უნდა, ვერ დანიშნავ, თუ წინააღმდეგ ჩვენებაა, მაგრამ არის მსჯელობა და სასწორის ორ პინაზე უნდა აიწონ-დაიწონოს ხოლმე მისი უპირატესობა და ნაკლი. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში უნდა იყოს პრეპარატი, რომელიც კლინიკის და წამყვანი კლინიცისტების გადაწყვეტილებით შეიძლება, დაინიშნოს. ხოლო, თუ რა შედეგს იძლევა, ამას ფართო სხვადასხვა ტიპის რანდომიზირებული კვლევები გვაჩვენებს.
მე ნუ გამომიყვანთ ახლა „რემდესივირის“ დამცავად, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი ხედვა არის ის, რომ ქვეყანაში უნდა იყოს სხვადასხვა საშუალება, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც იქნება კლინიცისტების და კლინიკური ჯგუფის გადაწყვეტილებით. როგორც მე ვიცი, ამ შემთხვევაში „რემდესივირის“გამოყენებას კვლევის ფორმა არ აქვს, ის იყო ჩართული სოლიდარობის კვლევაში, რომელსაც ჯანმო (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) აწარმოებდა და რომლის მიხედვითაც, ის საქართველოს უნდა მიეღო.
„რემდესივირი“ გამოიყენება ძალიან ბევრ ქვეყანაში ისევ და ისევ, რადგან ის დამტკიცებულია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მარეგულირებლის მიერ, როგორიც გახლავთ ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია. აქედან გამომდინარე, მისი ხელმისაწვდომობა უნდა იყოს, მაგრამ გადაწყვეტილებას მისი გამოყენების შესახებ იღებენ კლინიცისტები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
რაც შეეხება დასმულ კითხვას – „ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ „რემდესივირის“ გამოყენება მხოლოდ თენგიზ ცერცვაძის ახირებაა“, გამყრელიძე პასუხობს: „მე პიროვნულ დავაში არ შემოგყვებით, პასუხს ვცემ ყველა ჯანდაცვის ექსპერტს, რომელიც თავის თავს უწოდებს ექსპერტს ან აღიარებულია ექსპერტად სამედიცინო საზოგადოების მიერ, ამავე დროს, ბატონი თენგიზ ცერცვაძე გახლავთ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი კლინიცისტი. სიტყვებს ახირება, გადახირება და ა.შ. ძალიან გთხოვთ, ნუ იყენებთ, რადგან ის არის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ექიმი, რომელსაც ჭკუას ეკითხება ძალიან ბევრი ადამიანი და თავის დროზე ჭკუას ეკითხებოდა ის ხალხი, ვინც დღეს მას აკრიტიკებს. აქედან გამომდინარე, წერტილს ვსვამ ამ საკითხზე, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ხელმისაწვდომობა ყველა ტიპის ანტივირუსულ პრეპარატზე, რომელიც გაიდლაინის, კლინიკური ჯგუფის, ან იგივე ექსპერტების მიერ შეიძლება იქნეს გამოყენებული ამ თუ სხვა დაავადებების სამკურნალოდ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.