ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, ინციდენტობის მაჩვენებელი 10-ჯერ შემცირდა, ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, ქვეყანაში ინციდენტობის მაჩვენებელი 10-ჯერ არის შემცირებული, რაც მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურდება.
თუცა, გამყრელიძე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა და კვლავ მნიშვნელოვანია არსებული რეკომენდაციების შესრულება.
„მოგეხსენებათ, დღეს იყო პირველი საბჭოს სხდომა ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. შევადარეთ ნოემბერ-დეკემბრის და დღევანდელი მონაცემები ინციდენტობის თვალსაზრისით, ანუ, ახალ შემთხვევათა რიცხვი 100 000 მოსახლზე, შვიდ დღიანი, 14-დღიანი და ყველაზე მაღალი ინციდენტობა გვქონდა 10 დეკემბერს. 15 ნოემბრიდან დეკემბრის 10-მდე იყო პიკური პერიოდი, როცა დღიურად გვქონდა 4 000-5 000 შემთხვევა. ინციდენტობა არის 10-ჯერ შემცირებული. ასევე შემცირებულია სიკვდილიანობა. ანუ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია.
ჩვენი მთავარი მიზანია, შემსუბუქებების მიუხედავად, პულსზე კარგად გვეჭიროს ხელი და მარტსა და აპრილში ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ დაახლოებით იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც დღეს ჩვენ მივდივართ. მაშინ ჩვენ სითბოსთან, ზაფხულის დადგომასთან და, რაც მთავარია, ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად, უფრო ადვილად გავუმკლავდებით ეპიდსიტუაციის შემდგომ გაუარესებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.