ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურდება, თუმცა ეს თვითდამშვიდებისა და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველა ინდიკატორი, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე მიუთითებს, თანდათან უმჯობესდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, კვლავაც სიფრთხილეა საჭირო. ამიტომ, გამყრელიძემ მოსახლეობას აუცილებელი რეკომენდაციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველა ინდიკატორი, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე მიუთითებს, თანდათან უმჯობესდება. ეს არის ვთქვათ ინციდენტობა, 100 000 მოსახლეზე, ახალი შემთხვევები ბოლო 14 დღისა და ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, სერიოზულად არის გაუმჯობესებული, დაახლოებით ათჯერაა შემცირებული ინციდენტობა ნოემბერ-დეკემბრის პირველი კვირის მონაცემებთან შედარებით. ასევე, შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებით შვიდი-რვაჯერ (როგორც შვიდდღიანი, ისე 14-დღიანი).
ყველა ეს ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არავითარი თვითდამშვიდების საშუალებას და უფლებას არ გვაძლევს. არც ილუზიის უფლებას, რომ ვირუსი დავამარცხეთ. კორონავირუსული ინფექცია ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ეპიდსიტუაცია მართვადია. 829 ახალი შემთხვევა, რომელიც დღეს გვაქვს, ჩვენი პატარა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ. ამიტომ, რეგულაციებთან და რეკომენდაციებთან მიმართებით არავითარი მოდუნება არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.