ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდაფეთქება რომ არ გამეორდეს, უნდა ვიყოთ ფრთხილად, არ გავთამამდეთ, უარი ვთქვათ ყველანაირ თავყრილობაზე, თვითშეგნება და ადამიანების დამყოლობა არის მთავარი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდა სკოლის 49 777 პედაგოგს და დადებითობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.2 პროცენტია, 20 000-მდე გამოკვლეული ტაქსის მძღოლიდან დაახლოებით 0, 5 პროცენტი, ბაზრობის მოვაჭრეებში 0.4, რელიგიის მსახურებში 1, მოლებსა სავაჭრო დიდ ცენტრებში – 0.2 მეათედი.
გამყრელიძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი რეკომენდაციები დაცულია, თუმცა მოსახლეობას მოუწოდებს, არ გათამამდნენ და ყველანაირ თავყრილობას თავი აარიდონ.
„ვატყობთ, რომ შესაბამისი რეკომენდაციები არის დაცული, მაგრამ ხაზს ვუსვამ – არ უნდა გავთამამდეთ. მოგეხსენებათ, ყველაზე მთავარი, რაც აგვისტოში დიდმა თავშეყრებმა და ყველანაირმა დიდმა წვეულებებმა მოგვცა, შემდეგ ეს გადაიზარდა ოქტომბერ-ნოემბერში სერიოზულ ეპიდაფეთქებაში. იგივე რომ არ გამეორდეს ქვეყანაში, უნდა ვიყოთ ძალიან მორიდებული და ფრთხილი.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს რესტორნების ღია სივრცეები გაიხსნა, გარკვეული პერიოდის, დაკვირვების შემდეგ, ალბათ თავად რესტორნებიც გაიხსნება. არ უნდა გავთამამდეთ და უარი უნდა ითქვას გარკვეული და საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიდ თავყრილობებზე – იქნება ეს სამხიარულო, ჭირის თუ სამეცნიერო. ყველანაირ თავყრილობაზე უარი უნდა ითქვას, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მომატებული რისკ-ფაქტორი ინფექციის გავრცელების. ამიტომ, გთხოვთ, ამაზე ხშირად გამახვილდეს ყურადღება. გარდა იმისა, რომ აღსრულებას უყურებს შესაბამისი ორგანიზაციები, თვითშეგნება და ადამიანების დამყოლობა არის მთავარი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.