ამირან გამყრელიძე - წინა გამოთვლებით, კორონავირუსის პიკში ნოემბრის შუა რიცხვებიდან უნდა შევიდეთ, ეს პიკი იქნება სამი, ოთხი, თუ ხუთი ათასი, ჯერ არ ვიცით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაასახელა ის სამი მთავარი ინსტრუმენტი, რომლებიც გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტებია და კორონავირუსის გავრცელების ტენდენციებს აჩვენებს.
მისივე თქმით, ჯერჯერობით, ინსტრუმენტების პროგნოზებს ქვეყანა მცირე განსხვავებით მიჰყვება, კორონავირუსის ნავარაუდევზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, დასახელებული ინსტრუმენტების ცოტა ძველი პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის პიკი ნოემბრის შუა რიცხვებიდან უნდა დაიწყოს, თუმცა, როგორც გამყრელიძემ განმარტა, ნოემბრის პროგნოზები ხელახლა უნდა დათვალონ.
„მოგეხსენებათ, პროგნოზირება ძალიან უმადური რამ გახლავთ. არ არსებობს არც ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავდეს მაჩვენებელს. ჩვენს მოდელირებაში ვიყენებთ სამ ძირითად ინსტრუმენტს: ამერიკის დაავადებათა კონტროლის ინსტრუმენტი, რომელიც შემუშავებული იყო პანდემიური გრიპის დროს 2009 წელს და ის ასევე გამოიყენება კორონავირუსულ ინფექციაზეც; მეორე ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებდით გაზაფხულზე და ყველაზე კარგად დაემთხვა ის მოდელირება რეალობას, რომელიც შემდეგში განვითარდა, არის ბაზელის უნივერსიტეტის ინსტრუმენტი, ხოლო მესამე ინსტრუმენტი, რომელთანაც ჩვენი ცენტრი თანამშრომლობს, არის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და მას ჰქვია ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი.
ეს არის ძალიან ფუნდამენტური ინსტიტუტი და ჩვენ, დაახლეობით, 6-7 წელიწადია მასთან მემორანდუმი გვაქვს. ამ სამი ინსტრუმენტით ვხელმძღვანელობთ, საიდანაც ჩვენი ვარაუდი იყო, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გევქნებოდა. ეს ინსტრუმენტები გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტებია, შეჰყავთ ბევრი სხვადასხვა მოცემულობა, რის შემდეგაც ინსტრუმენტები გითვლიან, დაახლოებით როგორი შეიძლება იყოს ინფექციის შემთხვევების მატების ტენდენცია.
როდესაც სექტემბრის ბოლოსთვის თავიდან დავიწყეთ ამ ინსტრუმენტებით მუშაობა, ჩვენ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა უნდა გვქონოდა, გარკვეულად მივყვებით ამ მონაცემებს, მაგრამ, პირდაპირ გეტვით, ცოტა მეტი შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, კიდევ უნდა დავთავლოთ ნოემბრის პროგნოზები. წინა გამოთვლებით, კორონავირუსის პიკში ნოემბრის შუა რიცხვებიდან უნდა შევიდეთ. ეს პიკი იქნება სამი, ოთხი, თუ ხუთი ათასი, ჯერ არ ვიცით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.