ამირან გამყრელიძე - პროგნოზი არ არის საიმედო, საჭირო იქნება ხისტი გადაწყვეტილებები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობაზე. მისი თქმით, დღესდღეობით ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 32 პროცენტია აცრილი, რაც საკმარისი არაა.
ამასთან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პროგნოზი საიმედო არ არის, რის გამოც შესაძლოა, საკოორდინაციო საბჭომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს.
„დღეს მოზრდილი მოსახლეობის 32 პროცენტი გვყავს აცრილი. თუ ჩვენ არ გავზარდეთ ვაქცინაციის ტემპი, მაშინ რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება. პროგნოზი არ არის საიმედო, შესაბამისად, დღესაც იქნა დავალებები გაცემული, რომ კვლავ მომზადდეს პაკეტი შემდგომი გადაწყვეტილებების. ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.