ამირან გამყრელიძე - „პისიარ“-ტესტირება უფასო იქნება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც დასჭირდებათ, ძალიან გთხოვთ, ამის სხვა ინტერპრეტაცია არ იყოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მკაფიოდ განმარტავს, რომ „პისიარ“-ტესტირება სრულიად უფასო იქნება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ტესტის ჩატარება დასჭირდებათ.
„შეტყობინება მომივიდა და იმას ვუპასუხებ, რომ იყოს გარკვეულად და ერთმნიშვნელოვნად. დასაწყისშივე მე ვთქვი, რომ „პისიარ“-ტესტირება, რომელიც ძვირადღირებული სიამოვნებაა, ყველა იმ აბიტურიენტისთვის, ვისაც ეს სჭირდება და ექიმი დაუნიშნავს, იქნება უფასოდ. პირველად, თუ გამოცდებს შორის, ყოველთვის იქნება უფასოდ და ძალიან გთხოვთ, რომ ამის სხვა ინტერპრეტაცია არ იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, რეკომენდაციაა, რომ ერთ სივრცეში, ერთ დარბაზში, შესაბამისი დისტანციით 12 ადამიანი იყოს.
„თუ არის სამედიცინო ჩვენება, რომ ადამიანს პირბადის ხმარება არ შეუძლია – ანუ, უნდა იყოს ძალიან მძიმე ფორმის გულის უკმარისობა, ძალიან მძიმე ფორმის ფილტვის უკმარისობა, და ა.შ. მაშინ უნდა ჰქონდეს ძალიან მყარი სამედიცინო დასკვნა და ამისთვის შემდეგ ცალკე ვიმსჯელოთ. მაგრამ ასეთი 50 ათასში ერთი შეიძლება იყოს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ აბიტურიენტების მხრიდან შესაძლოა, იყოს ტემპერატურის დამალვის მცდელობა, თუმცა „პისიარ“ ლაბორატორიული კვლევის შედეგს ვერავინ გაექცევა.
გამყრელიძე ფიქრობს, რომ ასეთი შემთხვევების რისკი ძალიან დაბალია.
„შეიძლება იყოს გარკვეული ბიძგი, მაგრამ ვერ დამალავს „პისიარ“ ლაბორატორიულ ტესტირებას. ადგილზე სამედიცინო პერსონალი, რომელიც ესწრება, შესაბამისი პროცედურებით გაარკვევს, აქვს თუ არა აბიტურიენტს სიცხე. ყველას, ვინც ერთ ოთახში ბრძანდება, უკეთია ნიღაბი. ნიღაბი არის სერიოზული დამცავი საშუალება. თუ ყველას გვიკეთია ნიღბები და ვიცავთ დისტანციას, ეს სერიოზული დამცავი საშუალებაა. რამდენ ხანს შეიძლება დამალოს ტემპერატურა, ორი, სამი დღის შემდეგ მაინც გამოუვლინდება და აუცილებელი იქნება, შემდგომ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტაროს ტესტირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, მაშინ, როცა მოქალაქე ირჩევდა, კარანტინში წასულიყო თუ თვითიზოლაციაში, სიცხის დამწევი საშუალებების მიღების ფაქტები დაფიქსირდა.
„ყველა შემოსული ადამიანი მიდის კარანტინში. პირდაპირ გეტყვით, ვიდრე იყო ოფცია საკარანტინო სივრცე თუ თვითიზოლაცია, ჩვენ გვქონდა შემთხვევები, განსაკუთრებით პანდემიის დაწყების პირველ ეტაპზე, როცა ადამიანები სიცხის დამწევ საშუალებებს გამოიყენებდნენ, რომ არ გადაეყვანათ საავადმყოფოში, მაგრამ ეს შემდგომ ვლინდებოდა კარანტინში ან თვითიზოლაციაში. ამიტომაც არის, რომ დიდი გავრცელება არ გვაქვს, რადგან საკარანტინო სივრცეებმა და სხვა ალტერნატიულმა საშუალებებმა ითამაშეს როლი, რომ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში არ შევედით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. გამოცდებზე აბიტურიენტებს გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.