ამირან გამყრელიძე - პირველი დოზით აცრილთა რაოდენობა დაკლებულია, რაც დიდი პრობლემის წინაშე აყენებს ქვეყანას, რადგან მთელი მსოფლიო საუბრობს „ომიკრონთან“ დაკავშირებულ საფრთხეებზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ეპიდვითარება ნელი ტემპით, მაგრამ სტაბილიზაციისკენ მიდის და კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა დინამიკაში მცირდება.
თუმცა, გამყრელიძის თქმით, ვირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი საქართველოსთვის მაინც მაღალი რჩება.
„ბოლო ორი კვირის ინციდენტობის, ასევე დადებითობის მაჩვენებელს აქვს კლების ტენდენცია. გარკვეულწილად შემცირდა, მაგრამ მაინც მაღალია გარდაცვალების რაოდენობა, დღეს დილისთვის კოვიდით კიდევ 47 ადამიანი დავკარგეთ. ზოგადად რომ შევაჯამოთ, ეპიდსიტუაციას აქვს გაუმჯობესების ტენდენცია, თუმცა დღეში 2 195 შემთხვევა ჩვენთვის მაღალია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე კვლავ ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.
„რაც შეეხება აცრებს, გუშინ 7 199 აცრა ჩატარდა და აქედან ძირითადი იყო მეორე დოზა და ბუსტერი, დაკლებულია პირველ დოზებზე აცრები. ეს დიდი პრობლემის წინაშე აყენებს ქვეყანას, რადგან ბოლო ერთი თვეა, გლობალურ ჯანმრთელობაში მთავარი თემა გახლავთ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საფრთხეები, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს. უკვე 90-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებულია „ომიკრონი“, მას საკმაოდ სწრაფი გავრცელების თვისებები აღმოაჩნდა, ფოკუსირებულია უფრო მეტად ახალგაზრდა მოსახლეობაზე.
საბედნიეროდ, შემთხვევები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს მძიმედ, დელტა შტამთან შედარებით, მაგრამ არავინ იცის, როგორ შეიცვლება მიმდინარეობა. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი მოწოდება არის ვაქცინაცია და ბუსტერიზაცია, ანუ მესამე დოზა უკვე ხდება რეკომენდირებული ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სრულად არის აცრილი. ვინც აუცრელია, იმას უნდა მოვუწოდოთ, რომ აიცრან ორი დოზით და შემდეგ მოვუწოდოთ ბუსტერისკენ. რეალურად აცრა იცავს მოსახლეობას სხვადასხვა შტამის გავრცელებისგან.
60 წლის ზემოთ მყოფი მოსახლეობა არის ყველაზე მეტად მოწყვლადი ყველა შტამთან მიმართებაში, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება „ომიკრონი“, თუ დელტა ვარიანტი. ამიტომაც არის, რომ ფატალური გამოსავალის 85% 60 წელს ზემოთ ასაკშია. ამის გათვალისწინებით, აცრებისთვის პირველი სამიზნე უნდა იყოს სწორედ ეს ჯგუფი. ჩვენთან დაახლოებით 800 000-მდე მოქალაქეა 60 წელს გადაცილებული და დღევანდელი რიცხვით ერთი აცრით აცრილია 400 000 ადამიანი. 9 ნოემბერს გამოცხადებული წახალისების შემდეგ, ამ ასაკის დამატებით 100 000 ადამიანი აიცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა მოვუწოდოთ ყოველდღიურად მთელ მოსახლეობას და განსაკუთრებით ამ ასაკის ადამიანებს, რომ აიცრან, რადგან ნებისმიერი შტამი მათთვის არის სახიფათო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.