ამირან გამყრელიძე - პირდაპირ გეტყვით, დღეში ვირუსის 5 000-მდე შემთხვევას არ ვპროგნოზირებდით, შეიქმნა ილუზია, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონა, არადა ყოველთვის გეუბნებოდით, რომ კორონავირუსი არსად წასულა და წესები დაგვეცვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების თიოეული შემთხვევა ტრაგედიაა, მაგრამ პროცენტულად საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალი არ არის. მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევების მატებას ხელი შეუწყო ზაფხულში გაზრდილმა მობილობამ და ასევე არჩევნების პერიოდმა.
ამას გარდა, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საზოგადოებაში შეიქმნა ილუზია, თითქოს ვირუსი აღარ არსებობდა, ქვეყანამ პანდემია დაამარცხა და ბევრი მოწოდების მიუხედავად, მოქალაქეები აუცილებელ რეკომენდაციებს სათანადოდ აღარ იცავდნენ.
„გასაგებია, რომ სიკვდილობის მაჩვენებელი- 0.94 პროცენტი ორი-სამი პროცენტი არ არის, რომელიც ზოგიერთ ქვეყანას აქვს, მაგრამ ჩვენთვის თვითონ რიცხვი სერიოზულია. მოგეხსენებათ, სექტემბრის ათ რიცხვამდე ძალიან კარგად მივდიოდით, სულ 19 გარდაცვლილი გვყავდა, ხოლო 1 500-მდე ინფიცირებული. სამწუხაროდ განსაკუთრებით ნოემბერია ჩვენთვის მძიმე და ყველა გარდაცვალების შემთხვევა, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა.
რამდენჯერმე გლობალური სტატისტიკა რომ გაგაცანით, დღესაც 2.4 პროცენტზეა შვიდიდან ჩამოსული გარდაცვალების მაჩვენებელი, ანუ ვირუსი შედარებით შემსუბუქებულია და სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმის გამო, რომ სწორედ გაზაფხულზე და ზაფხულში მსოფლიომ შედარებით უკეთ ისწავლა დაავადების მართვა, ზოგადად სიკვდილიანობის პროცენტი არის შემცირებული, მაგრამ რაოდენობაა გაზრდილი, რადგან ინფიცირებულთა რიცხვიც არის სერიოზულად გაზრდილი. იგივე ხდება საქართველოშიც. პროცენტი დაბალია, მაგრამ ნოემბერში სიკვდილიანობის რიცხვი ძალიან მაღალი გვქონდა. დამერწმუნეთ, მე ხშირად ვსაუბრობ ამაზე და გასაგებია, რომ მაკრიტიკებენ და შეგიძლიათ თქვენც გამაკრიტიკოთ, მზადება როგორი იყო და რომ არაფერი გაკეთებულა და ასე შემდეგ. როგორ არ გაკეთებულა, გადამზადებაც მიმდინარეობდა, შესყიდვებიც მიმდინარეობდა, გარკვეული გეგმებიც დასახული არის და მზადების გეგმაც იყო, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვპროგნოზირებდით, რომ დღეში ოთხ და ხუთი ათასამდე შემთხვევა გვექნებოდა. რამ შეუწყო ხელი, ამაზეც რამდენჯერმე მოგახსენეთ.
ზაფხულში ჩვენ (ქართველებს ეს გვახასიათებს) დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ და შევიქმენით ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონა. ყოველთვის გეუბნებოდით, კორონავირუსი არსად წასულა, კორონავირუსი იქნება, ყველამ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, მაგრამ სამწუხაროდ, ზაფხული ძალიან თავისუფლად წავიყვანეთ. იცით, ვითარება გართულდა ბათუმში, ამას მოჰყვა ძალიან დიდი მობილობა წინასაარჩევნო პერიოდში, კიდევ უფრო დიდი მობილობა არჩევნების დღეს, როცა ორი მილიონი ადამიანი გამოვიდა და იცით, ოქტომბრის ბოლოს 1 500 1 700 შემთხვევა იყო დღეში და ნოემბრის შუა რიცხვებში 3 000-ზე ავედით. ეს სწორედ იმ მობილობის და შემდგომი სხვა მობილობების კოდი და გამოხატულებაა, რაც ჩვენ გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.