ამირან გამყრელიძე - პირბადის ტარების მაჩვენებელი ახლა 43 პროცენტზეა ჩამოსული, 90 პროცენტის ფარგლებში თუ გვექნება, შეიძლება, მესამე ტალღას ავცდეთ
მარტის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები აღარ მცირდება, გარკვეული პერიოდულობით პირიქით, გაუარესებაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა თანდათან იმატებს.
„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გარკვეულწილად დასტაბილურდა, მაგრამ მარტის განმავლობაში მაჩვენებლები უკვე ქვემოთ აღარ ჩამოდის, ანუ ვეღარ მცირდება და გარკვეული პერიოდულობით პირიქით, გაუარესებაა. ბოლო ათი დღის განმავლობაში იყო გაუარესება, დღეს ისევ დამამაშვიდებელი მონაცემებია. საქართველოსთვის ყოველდღიურად 300-400 შემთხვევა არ არის ცოტა, ანუ აქტიური შემთხვევების რაოდენობა, ვინც იმყოფებიან საავადმყოფოში ან ბინაზე, თანდათან იმატებს, რაც იმის ნიშანია, რომ აუცილებლად უნდა შემოვკრათ ე.წ. განგაშის ზარებს, რადგან უცბათ შეიძლება, ნახტომისებური ზრდა იყოს ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში მესამე ტალღის რეალური რისკი არსებობს.
„ხაზს ვუსვამ, მესამე ტალღის ალბათობა და რეალური რისკი არსებობს და მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა მივცეთ ამის შესახებ ინფორმაცია. აცრა ინფექციის ცირკულაციის შემცირებაზე სწრაფ ეფექტს არ მოგვცემს, ამიტომ სასურველი იქნება, დავიცვათ ის ძირითადი რეკომენდაციები, რაზეც ვსაუბრობთ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ახლა 43 პროცენტზეა ჩამოსული, 50 პროცენტის ქვემოთ უკვე საგანგაშოდ ითვლება. 90 პროცენტის ფარგლებში თუ გვექნება, მაშინ შეიძლება, მესამე ტალღას ავცდეთ. პირბადესთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს თავყრილობების პრევენციას, დისტანციის და ჰიგიენური ნორმების დაცვას“, – განაცხადა გამყრელიძემ.