ამირან გამყრელიძე - პირადად ვიცნობ არსენ ტოროსიანს, ცოტა მიკვირს მისგან, თუ განცხადება ამ რაკუსით გაკეთდა, მეუცხოვა მისგან „არადიპლომატიური“ განცხადება
ამირან გამყრელიძე - პირადად ვიცნობ არსენ ტოროსიანს, ცოტა მიკვირს მისგან, თუ განცხადება ამ რაკუსით გაკეთდა, მეუცხოვა მისგან „არადიპლომატიური“ განცხადება

პირადად ვიცნობ არსენ ტოროსიანს, ცოტა მიკვირს მისგან, თუ ეს განცხადება ამ რაკუსით გაკეთდა, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებს. არსენ ტოროსიანმა აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ტესტი უტარდებათ საქართვლოს გავლით სომხეთში ჩასულ პირებს, მათ შორის, ქართველ მძღოლებს და პასუხი დადებითია. მან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემებში ეჭვი შეიტანა.

ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ „ჯერ დასადასტურებელია, ნამდვილად იყო თუ არა ასეთი განცხადება“.

„პირადად ვიცნობ ბატონ არსენ ტოროსიანს, ცოტა მიკვირს მისგან, თუ ეს განცხადება ამ რაკუსით გაკეთდა. მოგეხსნებათ, რომ ჩვენ ძალიან ახლო ერები ვართ, მეზობლები, დიდი ხნის ისტორია გვაქვს და ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის „არადიპლომატიური“ განცხადება. თუ ასეთი შემთხვევები იყო, რომ აქედან ჩასულ მძღოლს თუ კიდევ სხვას დაუდასტურდა ინფექცია, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, ჩვენც და სომხეთიც ვართ ხელმომწერი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციისა. მაშინ, ჩვენ გვქონდა შემთხვევა სომხეთიდან შემოსული სომხეთის მოქალაქის ან კიდევ სხვა ქვეყნის მოქალაქის, როცა ეს უნდა აცნობო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და იმ ქვეყანას, ჩვენ ეს გავაკეთეთ შესაბამისი მეზობელი ქვეყნის მიმართ, რომ მან შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გაატაროს, როდესაც მის მოქალაქეს უდგენ შენს ქვეყანაში ინფიცირებას. აქედან გამომდინარე, თუ გვქონდა ეს შემთხვევები, ბატონ არსენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის უნდა ეცნობებინა, ასევე ჩვენთვისაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა არსენ ტოროსიანის ინტერვიუს იმ ნაწილზეც, რომელშიც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი​ დაინტერესდა, საქართველოში სტატისტიკა მოიცავს თუ არა პნევმონიით გარდაცვლილებს, რომლებსაც ამავე დროს, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ჰქონდათ.

„არ ვიცი, რა სტატისტიკას ეყრდნობა, მას შეუძლია, ნახოს ჩვენ მიერ გამოქვეყნებული, რომელიც ინგლისურადაც ქვეყნდება, ჩვენს ვებგვერდზეც არის, ჩვენს ყოველწლიურ სტატისტიკურ კრებულებში არის დინამიკა პნევმონიების. ჩვენ ეს შესწავლილი გვაქვს. ჩვენთან არ არსებობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ პანდემიების დროს, ე.წ. ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს ჰქონდა და აქვს იტალიას, ბევრ ქვეყანას, სადაც მაღალი იყო სიკვდილიანობა. ჩვენ ამას ვუყურებთ 3-4 თვის განმავლობაში, 2018-თან, 2019, 2020 წლებთან შედარებით გვაქვს თუ არა ჭარბი სიკვდილიანობა, მათ შორის პნევმონიით. არ გვაქვს. დღეს საქართველოში იტესტება ყველა პნევმონიით ავადმყოფი ყველა ჰოსპიტალში, ყველა ამბულატორიული მიმართვა, სადაც დგინდება პნევმონიის დიაგნოზი, რა თქმა უნდა, ის გადადის ჰოსპიტალში და ყველა იტესტება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ უპასუხა ტოროსიანის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში ჩატარებული 40 ათასი ტესტიდან შესაძლოა, ყველა ტესტი „პისიარ“ არ იყოს და იყოს სწრაფი ტესებიც.

„არა, ბატონო არსენ, 48 290 ტესტირება, რაც ჩატარებულია ქვეყანაში, ყველა არის „პისიარ“ ტესტირება. ჩვენ ამაში არ შეგვაქვს რამდენიმე ათასი სწრაფი ტესტი, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებები იყენებენ. ასე რომ, გამიკვირდა ეს. მასაც პატივს ვცემ და სომხეთის ძალიან ბევრ მინისტრს ვიცნობდი, ვიცნობ და ვმეგობრობდი მათთან. მიკვირს ცოტა, არ ვარ დარწმუნებული, მან მართლა გააკეთა თუ არა ეს განცხადება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.