ამირან გამყრელიძე - პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერ განცხადებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადავუხადე
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს მადლობა გადავუხადე განცხადებისთვის, რაც მან გუშინ გააკეთა პანდემიასთან და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, თავადაც მომხრეა სავალდებულო აცრის ექიმებსა და მასწავლებლები.
„ზოგიერთი პოსტულატი მეც ხშირად მითქვამს. იცით, რომ მომხრე ვარ ზოგიერთ ჯგუფებში სავალდებულოების, მათ შორის ჩემს კოლეგებში და ასევე მასწავლებლებში. მაგრამ, მოგეხსენებათ, სავალდებულოების პრინციპი არ არის მარტივად გადასაწყვეტი. ის დაკავშირებულია ბევრ საკითხთან – ადამიანის უფლებებთან, ქვეყანაში ანტივაქსერული მოძრაობის ინტენსივობასთან, ადამიანების განწყობასთან, მოსახლეობის განწყობასთან, ბევრი რამეა აქ გასათვალისწინებელი, ამიტომ მწვანე პასპორტი სხვა არაფერია, თუ არა ირიბი მანდატურიზმი. დარწმუნებული ვარ, მწვანე პასპორტის რიგი პოსტულატები მალე შევა მოქმედებაში ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ დღევანდელ კატასტროფულ ეპიდვითარებაზე ყველა პასუხისმგებელია.
„მივმართავ ხელისუფლებას, პანდემიასთან დაკავშირებით მკაცრი ზომები მიიღოს, სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.