ამირან გამყრელიძე - პაატა იმნაძეს და მე არასდროს გვითქვამს, რა წვლილი შევიტანეთ ლუგარის ცენტრის ამუშავებაში, ზოგიერთი პოლიტიკოსი კი ამას იბრალებს
თუ ოდესმე, რომელიმე არხს დაგაინტერესებთ, პაატა იმნაძე და მე, სიამოვნებით მოგცემთ მთელ ისტორიას, როგორ დაიწყო ლუგარის ცენტრისა და „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„განსაკუთრებით მეწყინა, როცა ლუგარის ცენტრზე „გაისეირნეს“ კიდევ ერთხელ. ნახეთ, როგორ მუშაობს ეს ცენტრი, როგორი დატვირთვით და თითქოს იქ სხვა პასაჟები იყო. თუ ოდესმე, რომელიმე არხს დაგაინტერესებთ, პაატა იმნაძე და მე, სიამოვნებით მოგცემთ მთელ ისტორიას, როგორ დაიწყო ლუგარის ცენტრისა და ამ დიდი პროგრამის განხორციელება ქვეყანაში. ვინ იდგნენ სათავეებში, ვინ იყვნენ გადამწყვეტი პირები, ვინც ეს უზარმაზარი სიმდიდრე საქართველოს მოუტანა. როგორ ვერ მუშაობდა ლუგარის ცენტრი სამი წლის განმავლობაში, როცა ის ოფიციალურად გაიხსნა, ვიდრე დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ დაუბრუნდა 2013 წელს, როგორც იყო ეს განსაზღვრული პირველი ხელშეკრულებით. დღეს ზოგიერთი პოლიტიკოსი გამოდის და იბრალებს, რომ მე… მე… მე. პაატას და მე არასდროს გვითქვამს, რა წვლილი გვაქვს ამ საქმეში შეტანილი თავის დროზე. იმ დროს, როცა ყველა ცუდად ახსენებს, დაწყებული 2000 – 2001- 2002 -2003 და ა.შ. როცა ეს ყველაფერი იწყებოდა“,- განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პოლიტიკურ სპეკულაციას ყველამ თავი უნდა დაანებოს.
„გთხოვთ, დღეს თავი დავანებოთ ყველანაირ პოლიტიკურ სპეკულაციას. ჩვენ ყველანი ვართ ერთნი, ყველას გვინდა, ამ ქვეყანაში იყოს განვითარება. ჩვენ ყველამ დროზე უნდა დავამარცხოთ ეს ინფექცია, პირველმა, საქართველომ უნდა დაამარცხოს „ცე“ ჰეპატიტი და იყოს ელიმინირებული „ცე“ ჰეპატიტისგან. ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუ ერთად ვიქნებით და არა ისევ და ისევ მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიზნით დავდგამთ სხვადასხვა შოუებს. წერტილი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.