ამირან გამყრელიძე - „ომიკრონთან“ საბრძოლველად მთავარ იარაღად რჩება პირბადე, ამიტომ ჯერჯერობით პირბადეს ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში ვერ შეველევით
დააადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების დასტაბილურების ნიშნები ჩანს, თუმცა ამან ხალხი არ უნდა გაათამამოს.
მისივე თქმით, დღეს „ომიკრონის“ წინააღდეგ ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის პირბადე და ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ პირბადის ტარების ვალდებულება კიდევ დიდხანს არ გაუქმდება არც ღია და არც დახურულ სივრცეებში.
„უკვე გამოჩნდა ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია. ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს. შემთხვევების რაოდენობა კვლავაც ბევრია, ადამიანები ინფიცირდებიან და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში, სადაც არის თანმხლები ქრონიკული დაავადება, ასევე ასაკი, 50-დან 60 წლის ზემოთ, სწორედ იქ გვაქვს გართულებები და ფატალური გამოსავლები.
დღეს მწოლიარე 6 000 პაციენტიდან 95-პროცენამდე არის აუცრელი. ხაზი უნდა გაესვას, რომ აცრა, განსაკუთებით ბუსტერი, იცავს „ომიკრონის“ შემთხვვევაში გართულებისგან და ფატალური გამოსავლისგან. დღეს „ომიკრონთან“ საბრძოლველად ორი მთავარი იარაღი რჩება – პირბადე და ვაქცინაცია. ამიტომ პირბადეს ჩვენ ჯერჯერობით ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში ვერ შეველევით. ეს ჯერჯერობით ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი უნდა გახდეს. „ომიკრონი“ და კოვიდინფექცია არ მორჩება ერთ დღეს. არ იქნება, გავიღვიძებთ ხვალ და არ იქნება პანდემია, ეს ნელ-ნელა უნდა მინელდეს. იცით, არის ძირითადი შეხედულება, რომ კორონავირუსი გადაიქცეს ენდემურ სეზონურ ინფექციად. ვნახოთ, უნდა დავაკვირდეთ. უნდა ვიყოთ ფრთხილად.
როგორც გითხარით, პანდემიის დასრულების გზა გადის ორ რამეზე, ეს არის პირბადის ტარება და ვაქცინა. სხვა ჯერჯერობით არ არის. ახლა მალე იქნება წამალი, რომელსაც იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი დაგიდასტურდათ, მიიღებთ პირველი ხუთი დღე და 90 პროცენტით იქნება ადამიანი დაცული ჰოსპიტალიზაციისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.