ამირან გამყრელიძე - „ომიკრონის“ შემთხვევების დაფიქსირების გამო ეპიდსიტუაციის სწრაფ გაუარესებას არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში, ახალ წლამდე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის შემთხვევები დაფიქსირდა, ეს ფაქტი მცირედით დასტაბილურებულ ეპიდსიტუაციას მალევე არ შეცვლის.
ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ სტაბილური ეპიდვითარება დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იქნება შენარჩუნებული.
„ამ შტამთან დაკავშირებით საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი აღინიშნა. 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, მეტად ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი, ასევე, ბავშვებს. ჯერჯერობით „ომიკრონის“ რა შემთხვევებიც არის გამოვლენილი, დღევანდელი მონაცემებით უკვე 90-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობაა, მაგრამ მომავალში როგორ განვითარდება, ჯერ კიდევ რთულად პროგნოზირებადია. მოგეხსენებათ, ჩვენთან ეპიდსიტუაცია ბოლო სამი კვირის განმავლობაში ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება. ანუ ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი უმჯობესდება, მათ შორის სიკვდილობის მაჩვენებელი. სტაბილიზაციისკენ სვლის დინამიკა გრძელდება.
„ომიკრონის“ შემოსვლას საზღვარი ვერ დაიცავს და ველოდებოდით, რომ დაფიქსირდებოდა. რომ გითხრათ, ის დაუყოვნებლივ, დღეს და ხვალ იმოქმედებს ეპიდსიტუაციაზე-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ასე არ იქნება. სტაბილიზაციისკენ სვლა გარკვეულწილად გაგრძელდება, მაგრამ „დელტა“ შტამის ამ ახალი შტამით ჩანაცვლებას ალბათ დაახლოებით ორი თვე მაინც დასჭირდება. ვნახოთ, დავაკვირდეთ. ვინაიდან „ომიკრონი“ დაფიქსირდა, ეპიდსიტუაციის სწრაფ გაუარესებას არ ველოდები. ყოველ შემთხვევაში, ახალ წლამდე. შემდეგ თუ გავრცელდა იმ სისწრაფით, რაც ახასიათებს, რა თქმა უნდა, იქნება ჯანდაცვის სისტემის დატვირთვა, მაგრამ იმედი გვქვს, შემთხვევების ძირითადი ნაწილი ამბულატორიული იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა.