ამირან გამყრელიძე - ნებისმიერ კოვიდგადატანილს შეუძლია, აიცრას, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები, ერთხელ აიცრას თუ - ორჯერ
ნებისმიერ კოვიდგადატანილს თავისუფლად შეუძლია, აიცრას. დამატებით მსჯელობა, კვლევები მიმდინარეობს, კოვიდგადატანილი ერთხელ აიცრას თუ ორჯერ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კოვიდგადატანილობა აცრის წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს.
„ერთი მხრივ, რადგან მსოფლიოში ვაქცინების დიდი დეფიციტია, მეორე მხრივ, კვლევებია, რომ კოვიდგადატანილებში ერთჯერადი ინექცია საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა, ვიდრე, ვთქვათ, ორი ინექცია. კოვიდგადატანილობა აცრის წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს.ზოგიერთი ქვეყანა ერთი თვის შემდეგ ცრის, ზოგი ორის, სამის, ჩვენ დავთქვით, მაგალითად, მე დამიდასტურდა კორონავირუსი და დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ უნდა ავიცრა და ავიცრები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, თუ რამდენ კლინიკაში იქნება შესაძლებელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება. საკითხზე საუბრისას გამყრელიძემ განაცხადა, რომ სამედიცინო მუშაკების გარკვეულმა ნაწილმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯავშანი გააუქმა.
როგორც გამყრელიძე ამბობს, კოვიდპანდემიის დასრულების გზა მასობრივ ვაქცინაციაზე გადის, რის გამოც დასახული აქვთ ამბიციური ამოცანა. გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ამ ამოცანის განხორციელებას საზოგადოებასთან ერთად შეძლებენ.
„გუშინ საბჭოს გადაწყვეტილებით 82 დაწესებულებიდან დარჩა 42 სტაციონალური დაწესებულება აცრების ჩასატარებლად. ყველას დაეგზავნა შეტყობინება, რომ თავიდან გაიარონ რეგისტრაცია იმ დაწესებულებაში, რომელიც დღეს ამცრელად არის ფიქსირებული. ამ ფაქტმა გარკვეულწილად იმოქმედა. ეს გასაგებიც იყო და პროგნოზირებადიც. ამიტომ რიგმა ჩვენმა კოლეგამ გააუქმა ჯავშანი. გასაგებია, რომ ისინი შემდეგ კვირას ელოდებიან სიტუაციის განვითარებას. დღევანდელი მონაცემებით, თუ არ ვცდები, 4 900-მდეა რეგისტრირებული. მოგეხსენებათ, პროგნოზირება მედიცინაში ძალიან უმადური რამ არის. თუმცა კოვიდპანდემიის დასრულების გზა მასობრივ ვაქცინაციაზე გადის. ძალიან ამბიციური ამოცანა გვაქვს დასახული. მაგრამ საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ამაში მედიას მნიშვნელოვანი როლი გაქვთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კითხვაზე, რადგანაც სამედიცინო პერსონალის მხრიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეს აქტივობა დაბალი იყო, ჯანდაცვის სამინისტრო ან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხომ არ განიხილავთ, სურვილის შემთხვევაში, სხვა მოქალაქეებსაც მისცეთ აცრის საშუალება, გამყრელიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა იგეგმება.
„გუშინ დაგეგმილი იყო ამ საკითხის განხილვა იმუნიზაციის საბჭოზე, მაგრამ სამწუხაროდ, რა დამთრგუნველი ფაქტიც მოხდა გუშინ, გაგვიგეთ, ჯერჯერობით სხვა ამ საკითხებზე ვერ ვისაუბრეთ.ეს საკითხი მალე განიხილება ჯერ სამინისტროს იმუნიზაციის საბჭოზე, შემდეგ საკოორდინაციო საბჭოზე და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.