ამირან გამყრელიძე - მოსახლეობის შეშინებას არ ვცდილობ, თუმცა ვერ უარვყოფ, რომ მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდა არის მოსალოდნელი.
მისი თქმით, შემუშავებულია პროცესების განვითარების სამი სცენარი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინსტრუმენტებს ეყრდნობა.
„არ ვცდილობ, შევაშინო მოსახლეობა, პირიქით, ყოველთვის ვცდილობ, დავამშვიდო, თუმცა იმასაც ვერ უარვყოფ, რომ ქვეყანაში მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა, მათ შორის სერიოზული ზრდა. ჩვენ შემუშავებული გვაქვს პროცესების განვითარების სამი სცენარი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ეყრდნობა და ამავე დროს ინსტრუმენტებს, რომელიც მოწოდებულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ეს ინსტრუმენტები გამოცდილია პანდემიური გრიპის დროს. ეს სამი სცენარი არსებობს და რომელი სცენარით შეიძლება, განვითარდეს ქვეყანაში ეპიდემია – ამ დროს რამდენი საწოლი გჭირდება მსუბუქი, მძიმე თუ კრიტიკული ავადმყოფებისთვის, რამდენი ექიმი, სავენტილაციო აპარატი, პიკს როდის მიაღწევს, თუ ასეთი ეპიდემია დაიწყო ქვეყანაში, ეს სცენარები და ამის მზაობა არსებობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საჭიროა მეტი სიფრთხილე და განგაში.
„მეტი განგაში და სიფრთხილეა საჭირო. ამიტომ იყო, რომ პირველ ეტაპზე, ჯანდაცვის უწყებამ საკარანტინო ზონები გააკეთა ისეთ დიდ და გამოცდილ საავადმყოფოებში, როგორც არის რესპუბლიკური, საჩხერის საავადმყოფო, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და სხვა, სადაც შესაბამისად გადამზადებული პერსონალია, არის ასევე რეანიმაციული და ინტენსიური განყოფილებები, თუ ამის საჭიროება დადგა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც მან განმარტა, ძალიან დიდი ტვირთი გადადის ჯანდაცვის ქსელზე. ამირან გამყრელიძის შეფასებით, ძალიან ბევრი რამ მედპერსონალის პროფესიონალიზმსა და კლინიკების მზადყოფნის გეგმებზე იქნება დამოკიდებული, გეგმა კი, თითოეულ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს.
„ინფიცირებულების 80 პროცენტი შეიძლება, იმართოს ჩვეულებრივ იზოლირებულ განყოფილებებში, სამედიცინო დაწესებულებებში ან ამბულატორიულად, როგორც მაგალითად, ინგლისში ან გერმანიაში. აქედან გამომდინარე, ახლა ძალიან დიდი ტვირთი გადმოდის ჯანდაცვის ქსელზე და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მათ პროფესიონალიზმზე, თითოეული საავადმყოფოს მზადყოფნის გეგმებზე. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს მზადყოფნის გეგმა, ასეთივე უნდა ჰქონდეს თითოეულ კლინიკას, მათ ასევე ევალებათ, რომ მედიკამენტების სამი თვის მარაგი ჰქონდეთ და ამას აკონტროლებს ჯანდაცვის სამინისტრო. მოსალოდნელია შემთხვევების მკვეთრი ზრდა და ჩვენ ამისთვის ყველანაირად მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა კერძო კლინიკებს სოლიდარობისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებ კერძო კლინიკების მფლობელებს და მათ მმართველებს, რომ ასეთ დროს მთავარია სოლიდარობა, ჩვენ ახლა საზოგადოებრივ-კერძო პარტნიორობა უნდა გამოვიჩინოთ. პანდემიამ არ იცის, რომელია კერძო და სახელმწიფო კლინიკა“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელძემ.