ამირან გამყრელიძე - მოსახლეობის 60 პროცენტის აცრა ამბიციურია, მაგრამ მიღწევადი, თუ ყველა ერთად ვიქნებით და ვაქცინაციას პოლიტიკურ იარაღად არ ვაქცევთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის აცრა ძალიან ამბიციური გეგმაა, თუმცა მიღწევადია, თუ ყველა ერთად იქნება და ვაქცინაციას პოლიტიკურ იარაღად არ აქცევენ.
გამყრელიძის თქმით, ვაქცინაცია მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის მხარდაჭერისთვის აუცილებელ იარაღად უნდა განიხილონ.
„კოვაქსის“ მთავარი დანიშნულებაა, რომ განვითარებად ქვეყნებს მიეხმაროს, იყოს სამართლიანად ვაქცინების მიწოდება. აქ საქართველო გაერთიანდა, შესაბამისი კონტრაქტი გააფორმა „კოვაქსთან“, სექტემბერში გადაირიცხა თანხა და საქართველო გახდა „კოვაქსის“ წევრი. გარდა ამისა, პარალელურად, ჩვენთან მიმდინარეობდა მუშაობა ვაქცინაციის გეგმაზე. ძალიან ბევრი, დაახლოებით ასამდე ადამიანი მონაწილეობდა ამ გეგმის შედგენაში. შემდეგ გვაქილიკებდნენ, 100 ექსპერტი სად არის საქართველოშიო. წარმოიდგინეთ, რომ არიან ძალიან მცოდნე ადამიანები საქართველოში, ისევე როგორც საქართველოს გარეთ და შეიქმნა გეგმა, რომელიც დევს ვებგვერდზე. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება კრიტიკა, მაგრამ გეგმა ერთ-ერთი კარგია. გეგმის საფუძველზე იყო დიდი მსჯელობა, თუ რამდენი უნდა აგვეღო სამიზნედ და ავიღეთ მოსახლეობის 60 პროცენტი, მესმის, ძალიან ამბიციურია, მაგრამ მიღწევადი თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, თუ ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით, თუ ვაქცინაციას არ ვაქცევთ პოლიტიკურ იარაღად, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, სამწუხაროდ, ეს საკითხი არის დიდი პოლიტიკის ნაწილი, თუ ჩვენ მას განვიხილავთ მხოლოდ მოსახლეობის მხარდაჭერის, ჯანმრთელობის მხარდაჭერისთვის აუცილებელ იარაღად. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, ეს საკითხი განვიხილოთ ყველაზე უფრო ზე ამოცანად, ყველა ადამიანისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.