ამირან გამყრელიძე - მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე იყვნენ ჩაწერილი, შესაძლოა, „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა  შევთავაზოთ, რა თქმა უნდა, თუ დაგვთანხმდებიან
ამირან გამყრელიძე - მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე იყვნენ ჩაწერილი, შესაძლოა, „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა შევთავაზოთ, რა თქმა უნდა, თუ დაგვთანხმდებიან

ჩვენ დღეს კიდევ ვიმუშავებთ „იუნისეფთან“, რომ დაგვიზუსტონ, როდის იქნება მოწოდებული „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა და ამის მიხედვით დავგეგმავთ აცრებს. მაგრამ ალტერნატიული ვარიანტი შეიძლება იყოს, რომ პირველ დოზაზე ვინც ჩაწერილი იყო, შესაძლოა, მათ შევთავაზოთ (თუ ისინი დათანხმდებიან და სურთ) „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილი უხერხულობისთვის მოსახლეობას კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა.

„ხაზს ვუსვამ, ვინც ჩაწერილია და მეორე აცრას 10-დან 12 კვირის ფარგლებში ელოდებოდნენ, დაჯავშნილი ჰქონდათ ადგილი, ყველა აიცრება. „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 1 600 დოზა გვაქვს ჩვენს ქსელში. ხოლო ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა პირველი ვაქცინაციიდან ოთხიდან ათ კვირამდე შუალედში, მათ ვთხოვთ ოდნავ მოთმინებას, ბოდიშს ვუხდით კიდევ ერთხელ. მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როდის შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.