ამირან გამყრელიძე - მივდივართ დაახლოებით იმ პროგნოზის ფარგლებში, რაც ჩვენი ერთ-ერთი სცენარით იყო განსაზღვრული, ჯერჯერობით საქართველოში სწრაფი ეპიდაფეთქება არ ფიქსირდება
ამირან გამყრელიძე - მივდივართ დაახლოებით იმ პროგნოზის ფარგლებში, რაც ჩვენი ერთ-ერთი სცენარით იყო განსაზღვრული, ჯერჯერობით საქართველოში სწრაფი ეპიდაფეთქება არ ფიქსირდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.

„ვიცით ყველას წარმომავალობა, ვაკონტროლებთ ეპიდკონტაქტებს, მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, განსაკუთრებით  ბოლო ხუთი შემთხვევისა, რომელიც ამ გამთენიას დაფიქსირდა. აქედან სამი ახალი გახლდათ ლუგარის ცენტრში, ერთი ბათუმმა დაააფიქსირა და ერთი თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ, ასევე განმეორებითი იყო რამდენიმე შემთხვევა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული უკვე სამი პაციენტია გამოჯანმრთელებული.

„იცით, რომ საქართველოში უკვე გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი. ერთი გამოჯანმრთელებული  იყო, გქონდათ ეს ინფორმაცია, ორი გუშინ და დღეს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ 24 საათში ჰქონდათ ორი უარყოფითი რეაქცია პისიარ ვირუსის ანტიგენზე. ისინი გამოჯანმრთელდნენ, ვირუსი განულდა ორგანიზმში, მაგრამ მათ ყველას, ჩვენი პროტოკოლით ვურჩიეთ, რომ გამოჯანმრთელების შემდგომ ორი კვირა უნდა დაჰყონ თვითიზოლაციაში და მათ აუცილებლად ეს პირობები უნდა დაიცვან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის განმარტებით,  დღევანდელი მდგომარეობით, კარანტინში იმყოფება 2 712 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში –  2 683.

„გუშინ 193 ადამიანი გავიდა თვითიზოლაციიდან, რაც ნიშნავს, რომ ისინი საფრთხეს აღარ წარმოადგენენ. დღევანდელ სხდომაზე მიმოვიხილეთ სწორედ გლობალური და საქართველოს სიტუაცია. ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზე, რაც შეიძლება იყოს უკვე. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სამ კვირაზე მეტია, რაც დაფიქსირდა ქვეყანაში ინფექციის პირველი შემთხვევა, ვპროგნოზირებდით, რომ ზრდა გვექნებოდა და დაახლოებით მივიდივართ იმ პროგნოზის ფარგლებში, რაც ჩვენი ერთ-ერთი სცენარით იყო განსაზღვრული“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდაფეთქება ჯერჯერობით საქართველოში არ ფიქსირდება.

„სწრაფი ეპიდაფეთქება ჯერჯერობით არ ფიქსირდება ქვეყანაში, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ საგანაგებო მდგომარეობა, რაც გუშინ სახელმწიფომ გამოაცხადა, ხელს შეუწყობს ფართომასშტაბიანი ეპიდემის პრევენციას. ამისთვის ყველა ერთად უნდა დავგეთ – სახელმწიფო, კერძო სექტორი, საზოგადოება. დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ვიძლევით და ახლა ყველაზე მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირებაა. ყველამ დავიცვათ ის მთავარი რეკომენდაცია, რადგან სოციალურ დისტანცირებაზე კარგი იარაღი და ღონისძიება ეპიდემიის შეჩერებისა და მისი ნელი განვითარების, არ არსებობს. თავი ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს, იგივე სახლებში ორ-სამ ადამიანზე მეტი არ დავპატიჟოთ. თავი ავარიდოთ და არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები. მოგეხსენებათ, ახლა ეს კანონითაც აკრძალულია და მივყვეთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გულისხმობს. მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.