ამირან გამყრელიძე - მინდა, ყველა დავამშვიდო, კახეთში ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობაა გამოკვლეული, ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში უარყოფითი შედეგებია, ნამდვილად არ არის დიდი პრობლემა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კახეთის მოსახლეობას ამშვიდებს.
მისი განცხადებით, კახეთში ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოიკვლიეს და კოვიდინფექცია ამ დრომდე არც ერთთან არ დადასტურებულა.
„მინდა, ყველა დავამშვიდო ამ შემთხვევასთან დაკავშირებით (ჩვენ არ დავასახელებთ, პერსონალურ ინფორმაციას არ ვიძლევით ხოლმე), ვინც არის აღელვებული. მინდა, დავამშვიდო ისინი, რომ კახეთში საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა იქნა გამოკვლეული, ყველა შემთხვევაში ამ ეტაპზე არის უარყოფითი შედეგები“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება თავად ექიმის შესაძლო ინფიცირების შემთხვევას, გამყრელიძე ამბობს, რომ ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.
„რაც შეეხება შემთხვევას, ჩვენ იქ ვაგრძელებთ ჩაღრმავებულ კვლევას და იმედი გვაქვს, ხვალ უკვე გარკვეული პასუხი გვექნება ამ კითხვაზე. მინდა, ყველა დაგამშვიდოთ, რომ არ არის ნამდვილად დიდი პრობლემა და ჩვენ შევაჯერებთ ყველა იმ შედეგს, რომელსაც ვიღებთ სხვადასხვა მეთოდოლოგიის კვლევით. ეს მიეწოდება როგორც პაციენტს, ისე მოსახლეობას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, კახეთში რამდენიმე დღის წინ სწრაფი ტესტით სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თუმცა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „პისიარ“ მეთოდით ჩატარებულმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა და დამატებითი კვლევის შედეგს ელოდებიან.