ამირან გამყრელიძე - მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება
ამირან გამყრელიძე - მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.

როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მესტიის საავადმყოფოში დღეს ე.წ. სწრაფი „პისიარის“ აპარატი დამონტაჟდა, რომელსაც ყოველ 45 წუთში ოთხი ნიმუშის ტესტირება შეუძლია.

„მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ლენჯერის თემში გვაქვს ინფიცირებულების საკმაოდ მომატებული რაოდენობა – 30 შემთხვევაა სულ. ყველა გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ. უმრავლესობის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთლიანად მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აქტიური სკრინინგი, „პისიარ“ ტესტირება. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს დავაინსტალირეთ ე.წ. სწრაფი „პისიარის“ აპარატი მესტიის საავადმყოფოში, რომელიც 45 წუთში იძლევა პასუხს. მიოსი გამტარუნარიანობა დიდი არ არის. ერთდროულად შეუძლია ყოველ 45 წუთში ოთხი ნიმუშის ტესტირება ანუ დღის განმავლობაში სადღაც 40-50-ის და ის ძირითადად გამოყენებული იქნება იმ შემთხვევებისთვის, სადაც სწრაფი პასუხი გვინდა. დანარჩენ შემთხვევებში მიმდინარეობს აქტიურად ნიმუშების აღება მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. 16 ბრიგადა მუშაობდა დღეს და დაახლოებით 800-მდე ნიმუში იქნა დღეს კიდევ დამატებით აღებული. გუშინ 985 ნიმუში იყო აღებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, დღეს დასრულდა უკვე 600 ნიმუშის ტესტირება და იქიდან მხოლოდ ერთი დადებითი პასუხია.

გამყრელიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში კვირის ბოლომდე 4000-მდე ადამიანის ტესტირება იგეგმება.

„ისიც უკავშირდება ლენჯერის კლასტერს. სანამ დარჩენილი კიდევ 300 ნიმუშის პასუხი იქნება, ამით შეგვიძლია, ჯერჯერობით ვთქვათ, რომ ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ამ თემის ერთ-ერთ დასახლებაში. ამიტომ იმ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო ზომები ტარდება. შესვლა-გამოსვლა იქ სრულად აკრძალულია. მიმდინარეობს მთლიანად ამ თემში აქტიური თერმოსკრინინგი, ისევე როგორც ხვალიდან მთელი მესტიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით იქნება აქტიური თერმოსკრინინგი ყველა სოფელში. ჩვენ ვგეგმავთ კვირის ბოლომდე 4000-მდე ადამიანის ტესტირებას. ახლა უკვე აღებულია დაახლოებით 2200-2300 ნიმუშამდე მთლიანად და ვფიქრობთ, რომ 4000-მდე ავიდეთ , რომელიც შეგვიქმნის შთაბეჭდილებას სრულად, თუ რა ხდება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტში და ამის შემდეგ იქნება მერე გადაწყვეტილებები, რომელსაც მიიღებს საკოორდინაციო საბჭო. დღევანდელი მონაცემებით, საიმედო პროგნოზი არსებობს ჩემში. საჭირო იყო ამ მკაცრი ზომების გატარება, რომ ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება მუნიციპალიტეტში აგვერიდებინა თავიდან. ჯერ ნუ გავუსწრებთ დროს, დავუცადოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.