ამირან გამყრელიძე - მესმის, ყველას გვაწუხებს პირბადე, მაგრამ პანდემიამ გვაჩვენა, რომ პირბადე ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის იარაღია
ხალხმა დავიჯერეთ, რომ ეპიდემია დავამარცხეთ და მოვეშვით, ალბათ კიდევ ერთი წლის განმავლობაში დაგვჭირდება პირბადის გამოყენება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, ვაქცინას შედეგი ექნება დააახლოებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში დაგროვდება კუმულაციური იმუნიტეტი, ანუ როდესაც ადამიანების ნაწილი აიცრება.
„პანდემიამ გვაჩვენა, რომ პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის იარაღი. ამაზე არის ძალიან ბევრი სამეცნიერო მტკიცებულებები. ჩვენ ვნახეთ, რომ შემთხვევები სერიოზულად შეგვიმცირდა, რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ ახალი შემთხვევების ათჯერადი შემცირება არის ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით. სამწუხაროდ, ხალხმა და ასევე ალბათ მაკონტროლებლებმაც დავიჯერეთ, რომ დავამარცხეთ ეპიდემია ქვეყანაში და მოვეშვით. დიახ, ეს უნდა იყოს ორმხრივი პასუხისმგებლობა. მარტო კონტროლი ვერაფერს იზამს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ გაიზარდა. დიახ, ცოტა უნდა შევწუხდეთ. მესმის, ყველას გვაწუხებს დღეს პირბადით ჯდომა, მაგრამ ამის გარდა, სხვა არაფერი არსებობს.
ვაქცინა შედეგს მოგვცემს დააახლოებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში დაგროვდება კუმულაციური იმუნიტეტი, ანუ როდესაც ადამიანების ნაწილს ავცრით. ამიტომ უნდა მივეჩვიოთ, რომ დიდხანს, სულ მცირე წლის ბოლომდე და მეტი, ალბათ ერთი წლის განმავლობაში დაგვჭირდება პირბადის ტარება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომებზე საუბარი იქნება ასაკობრივი ჯგუფების გაფართოებაზეც.
„ქვეყანაში უკვე დაგროვდა ვაქცინების რაოდენობა. ამ ეტაპზე, 100 000 გვაქვს ერთი, მეორე გვაქვს 40 000, მესამეს დავაკლოთ 11 000, ვინც აიცრა. შესაბამისად, ვაქცინის მარაგი არის, რომ თანდათან გაფართოვდეს ვაქცინაცია და იმედია, ამ კვირაში, როცა საბჭო იქნება, ამაზე კიდევ ვიმსჯელებთ, მაგრამ ესეც ეტაპობრივად იქნება. დღეს გაფართოვდა და დაიწყო 55 წელს ზემოთ პირების ვაქცინაცია. რეგისტრაციაზე, დაჯავშნაზე, პარასკევს, შაბათს, პირველ საათებში ძალიან დიდი აქტივობა იყო, შემდეგ ისევ ოდნავ მოეშვა. დღეისთვის, აპრილის ბოლომდე 19 073 ჯავშანია გაკეთებული, გარდა იმ 11 000-ისა, ვინც აიცრა, მაგრამ ეს არ არის ბევრი, უფრო მეტია საჭირო, რომ სწრაფი ტემპებით ვიაროთ წინ“, – განაცხადა გამყრელიძემ.