ამირან გამყრელიძე - მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ როდის, რა პრინციპებითა და წესების დაცვით ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი
ამირან გამყრელიძე - მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ როდის, რა პრინციპებითა და წესების დაცვით ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების საკითხზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ თემაზე საკოორდინაციო საბჭოში მსჯელობა მიმდინარეობს.

„ამ ტიპის გადაწყვეტილებებს არ იღებს ნამდვილად არც ამირან გამყრელიძე, არც პაატა იმნაძე და არც ხათუნა ზახაშვილი. ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აჯერებს სხვადასხვა მოსაზრებას, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციებს და ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. ყველაზე ახლო რაც შემიძლია გითხრათ და ეს დეკლარირებულია, რომ 22-ში გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში. დღესაც ითქვა საკოორდინაციო საბჭოზე, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მეზობლების მაგალითებზე დაყრდნობით, რომ რამდენიმე შემზღუდველი ღონისძიება სწრაფი ტემპით შევამსუბუქოთ.

ამიტომ,საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, დიდია. იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძირითადად მაინც დიდ ქალაქებშია დატვირთული, განსაკუთრებით მეტრო თბილისში, ავტობუსები და ა.შ.  მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება არ იყოს ხვალ და ზეგ, მაგრამ ამაზე გადაწყვეტილება იქნება მალე მიღებული, თუ როდის, რა პრინციპებით და რა წესების დაცვით ამუშავდება ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი“,- განაცხადა გამყრელიძემ.