ამირან გამყრელიძე - „მაიმუნის ყვავილი“ არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსული დაავადებები, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არსებობს
„მაიმუნის ყვავილი“ არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსული დაავადებები, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველს არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა, რაც გამყრელიძის თქმით, არ არის პანდემია – ეს არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში.
„ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. საკმაოდ დიდი დისკუსია იყო, გამოცხადებულიყო თუ არა. ივნისში ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კომიტეტმა ეს საკითხი განიხილა და მაშინ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გამოცხადებულიყო. მაშინ იყო შემთხვევების რაოდენობა 3 000-მდე და 47 ქვეყანაში.
ამ ერთი თვის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა და 16 000-ზე მეტია 75 ქვეყანაში. იყო ისევ ორი დღის წინ ამ კომიტეტის სხდომა, სადაც კონსენსუსი ვერ მოხერხდა. ნაწილი გამოცხადებას ემხრობოდა, ნაწილი – არა. შემდგომ ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცხადების შესახებ. მისი დასაბუთება გახლავთ ის, რომ ეს არ არის პანდემია. არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა, დიაგნოსტიკა, ქვეყნების შესაძლებლობა და ეს გადაწყვეტილება მიიღეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთი შემთხვევა ივნისში დაფიქსირდა და აღნიშნული პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გამყრელიძის თქმით, საქართველოში ბოლო 21 დღეში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„ქვეყნები დაყოფილია ოთხ ჯგუფად. პირველია, სადაც ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა „მაიმუნის ყვავილი“, ბოლო 21 დღეში აღარ აღრიცხულა, აქ შევდივართ ჩვენ. ჩვენთან ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც უკვე განიკურნა. ბოლო 21 დღეში აღარ ყოფილა ახალი შემთხვევები, ანუ არ გავრცელებულა ვირუსი, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის. რა თქმა უნდა, მზადყოფნა უნდა იყოს. ამიტომ გამოცხადდა ეს. მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, პროფესიულ თემს, მაღალი რისკის მქონე ადამიანებს.
დიაგნოსტიკისა და გამოვლენის მზადყოფნა უნდა იყოს, ანუ რაც ჩვენ გავაკეთეთ უკვე მაისში, როდესაც გავაძლიერეთ ზედამხედველობა. ამ ხნის განმავლობაში 10 სავარაუდო შემთხვევა აღირიცხა ქვეყანაში და აქედან, 9 უკუგდებული იქნა. გაძლიერებულია მზადყოფნა, შემუშავებულია რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს როგორც ზედამხედველობას, ასევე იმას, თუ როდის უნდა იქნას ეჭვი მიტანილი და ა.შ. ინკუბაციის პერიოდი 21 დღემდე გრძელდება, ძირითადად მაინც არის 5-16 დღის პერიოდში.
ის მიმდინარეობს გამონაყარით, რომელსაც სჭირდება დიფერენცირება. დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.