ამირან გამყრელიძე - ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსეთის ოფიციალურ და ჟურნალისტურ წრეებში გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა
ამირან გამყრელიძე - ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსეთის ოფიციალურ და ჟურნალისტურ წრეებში გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა

ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ონიშონკოსა და გიორგაძის სპეკულაციებსა და ნაბოდვარს ნამდვილად არ ვუპასუხებდით, მაგრამ ეს თემა აიტაცეს რუსეთის ოფიციალურმა წრეებმა, – – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებში ამ საკითხზე პრესკონფერენციები გამართეს, ამიტომ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საპასუხო განცხადების გაკეთება გადაწყვიტა.

„ყველა ის ინფორმაცია, რომელიც რუსეთის ოფიციალური თუ ჟურნალისტური წრეებისა და მასმედიის საშუალებებით ვრცელდება, არის მტკნარი სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს მიმართულია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესისა და ინოვაციების წინააღმდეგ. ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში და აქვს მრავალმხრივი დანიშნულება. პირველ რიგში, ის მიმართულია ადამიანთა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და გამომწვევი აგენტების იდენტიფიცირებისკენ.

ლაბორატორიას აქვს რეგიონული დატვირთვა, რამეთუ აქ ტარდება ზოგი ისეთი ექსკლუზიური კვლევა, რომელიც მხოლოდ ამ ლაბორატორიისთვის არის ხელმისაწვდომი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უპასუხა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.