ამირან გამყრელიძე - ლუგარის ლაბორატორია არის მაღალი დონის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს
ამირან გამყრელიძე - ლუგარის ლაბორატორია არის მაღალი დონის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს

ლუგარის ლაბორატორია არის მაღალი დონის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში არის ე.წ. ლაბორატორიული ზედამხედველობის ქსელი, რომელიც შედგება 22 ლაბორატორიისგან.

„12 ლაბორატორია მდებარეობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ. ათი გახლავთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტრუქტურული ერთეული. მათ შორის რეფერალური მთელი ქვეყნისთვის გახლავთ ლუგარის ლაბორატორია, რომელიც ოფიციალურად არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტრუქტურაში, მაგრამ რადგან ის არის ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორია, ის ასევე ემსახურება როგორც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტს, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს, სოფლის მეურნეობის დარგს, ასევე სხვადასხვა მეზობელ ქვეყნებსაც. ის არის მაღალი დონის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს, სადაც არის სხვადასხვა მიმართულებები. იქ არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სამი აკრედიტირებული ლაბორატორია. მაგალითად პოლიომიელიტის, რომლითაც ჩვენ ასევე ერთ-ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას ვემსახურებით. წითელა-წითურასი, ასევე რესპირაციული ვირუსების. ძალიან ძლიერი ლაბორატორიაა და სწორედ მასზე გადადის ახლა მთავარი დატვირთვა ამ კორონოვირუსულ ინფექციასთან ბრძოლის. მთელი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის 70 %. დღევანდელ დღეს ჩავატარეთ 1 100 პისიარ ტესტი, 67 % გადავიდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე და იქიდან 80% გადასულია მთლიანად ლუგარზე. ეს გახლავთ დღეს ფლაგმანი სწორედ ამ ინფექციასთან ბრძოლის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.