ლუგარის ცენტრი წარმოადგენს ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის შემადგენელი, მისი ლაბორატორიული ნაწილი.
„ლუგარის ცენტრი არ არის მხოლოდ ერთი ლაბორატორია, ის არის ნაწილი ქვეყნის ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემისა, სადაც შედის 22 ლაბორატორია, სხვადასხვა მასშტაბისა და სხვადასხვა ზომის. 12 არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ და 10 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნაწილია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რეალური ისტორია, როგორ შეიქმნა ეს ლაბორატორია – ჯერ კიდევ 80-იანი წლების შუა ნახევარში ორმა ცნობილმა სენატრომა ლუგარმა და ნანმა, როცა საბჭოთა კავშირში გარდაქმნის პერიოდი მიმდინარეობდა, მათ წამოაყენეს იდეა. ისინი ბევრს მუშაობდნენ განიარაღების საკითხებზე და წამოაყანეს იდეა, რომ მსოფლიო გათავისუფლებულიყო ნუკლეანური, ბიოლოგიური იარაღისგან. შემდეგ ამ ინიციატივამ მიიღო ლუგარის და ნანის ინიციატივის სახელწოდება, რომელიც კონგრესში ინიცირებული იქნა 90-იანი წლების დასაწყისში. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საშიშროებას წარმოადგენდა „უპატრონოდ მიტოვებული ნარჩენები“. ნუკლეანური, ბირთვული, ქიმიური და ასევე ბიოლოგიური პროდუქტები, რომელიც ტერორისტების ხელში შეიძლება გამხდარიყო იარაღი და ასეც მოხდა. 2001 წელს 9/11-ის შემდეგ ერთ-ერთი ლაბორატორიიდან კონკრეტულ მისამართებზე დაიგზავნა ადამიანებთან წერილები, რომლებშიც გაჟონილი იყო ციმბირის წყლული და რამდენიმე ადამიანი შეეწირა ამ დაავადებას. 2001 წლის შემდეგ ამერიკაში განსაკუთრებით გააქტიურდა ე.წ. საფრთხის შემცირების პროგრამა, რომელიც პენტაგონის ქვეშ მუშაობდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, 1997 წელს საქართველომ და აშშ-მ დიდ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელსაც აწერია, ერთის მხრივ, პრეზიდენტი შევარდნაძე და მეორე მხრივ, პრეზიდენტი კლინტონი, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ ტიპის პროგრამების განვითარებას მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ საბჭოთა კავშირში და მათ შორის საქართველოშიც, რადგან ხელს აწერდა ორი პრეზიდენტი.
„ეს გახლავთ ქოლგა, საფუძველი ამ დიდი პროგრამის განვითარებისა. ეს ხელშეკრულება ეხებოდა სწორედ ბიოლოგიური, ქიმიური, ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობას მსოფლიოში. ეს ხელშეკრულება გახლავთ 1997 წლის ხელშეკრულება, რომელიც რატიფიცირებული იყო საქართველოს პარლამენტის და ამერიკის სენატის მიერ. ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა სწორედ იმ საკითხზე, რომ საქართველოში დაწყებულიყო საფრთხის შემცირების დიდი სააგენტოს შექმნა, ნანის და ლუგარის ინიციატივის ფარგლებში ამერიკის თავდაცვის სამინისტროში, პენტაგონში. ამ სააგენტოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გახლდათ ძალიან საინტერესო ადამიანი და მერე საქართველოს დიდი მეგობარი ენდი ვებერი, რომელიც შემდეგ გახდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ობამას მთავრობაში. ამ ადამიანის პირადი დამსახურებაა ძალიან დიდი, რომ შეიქმნა ქვეყანაში ეს ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემა და აშენდა ლუგარის ლაბორატორია. ეს ადამიანი იყო, არის და რჩება საქართველოს დიდ მეგობრად. მაშინ ის იყო პენტაგონის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, მე მაშინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ თანამდებობაზე. ის პაატა იმნაძემ მოიყვანა ჩემთან იდეით, რომ საქართველოს შეეძლო ამ პროგრამის მიღება და საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან ერთად ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა შეიძლებოდა გამხდარიყო რეციპიენტი ამ პროგრამისა. მათ შორის, რუსეთსაც შესთავაზეს მსგავსი მხარდაჭერა. მაშინ იმ დიდ მასშტაბებზე არ იყო საუბარი, რაზეც ეს პროგრამა განვითარდა, ამაში აშშ-ის ინვესტიცია 300-350 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში ფასდება და ეს არ არის მარტო ინფრასტრუქტურა, ეს არის ადამიანური რესურსები, კვლევები და ა.შ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, თავიდან საუბარი იყო, რომ ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორია უნდა აშენებული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეზოში ასათიანის ქუჩაზე.
„პაატა იმნაძე და მე, ენდი ვებერთან ვიხილავდით ამ საკითხებს. შემდგომ კი საქმის ვითარება გავაცანი მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრს ავთო ჯორბენაძეს. შემდეგ ის გახდა სახელმწიფო მინისტრი, მე გავხდი ჯანდაცვის მინისტრი და დავიწყეთ ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა, საქართველოს ეს სჭირდებოდა. ენდი ვებერი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და ვიხილავდით ამ საკითხებს. საქმე მივიდა იქამდე, რომ რადგან პენტაგონის ქოლგის ქვეშ მიდიოდა ეს პროგრამა, 2002 წელს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ და აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მოაწერეს ხელი უკვე მეორე ხელშეკრულებას, უშუალოდ ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის დაწყებისა საქართველოში. შემდეგ ძალინ აქტიურად იმუშავა ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მადლობა ირაკლი მენაღარიშვილს, მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა, რომ სწრაფად მომხდარიყო პარლამენტში მისი რატიფიცირება. ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ საქმეში ჩვენმა მაშინდელმა ელჩმა ლევან მიქელაძემ და პროგრამის წარმატებით დაწყების ინიცირებაში გაერო-ში ჩვენმა მაშინდელმა ელჩმა რევაზ ადამიამ და კიდევ ბევრმა ადამიანმა. ძალიან დიდი იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მაშინდელი დირექტორის პაატა იმნაძის როლი და არც თუ მცირე ჩემი როლი, მეც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ საქმეში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, 2002 წელს ხელი მოეწერა დიდ ხელშეკრულებას, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ ცენტრს.
„ბევრს ეშლება, რომ ეს ყველაფერი მერე აშენდა, კი, აშენდა, მშენებლობა დაიწყო 2004 წლის შემოდგომაზე, მაგრამ ამის ყველა საფუძველი მომზადდა ამ წლებში – 1997 წლიდან 2003 წლის ჩათვლით. 2004 წელს უკვე შეირჩა ადგილი, სადაც ახლა ლუგარის ცენტრია, გაიჭრა პირველი ბარით, მაშინ სენატორი ლუგარი ჩამოსული იყო საქართველოში. დაახლოებით ექვსი წელიწადი მიმდინარეობდა ამის მშენებლობა. ლუგარის ცენტრი დაერქვა სწორედ ბატონი ლუგარის საპატივცემულოდ. 2010 წელს დასრულდა და 2011 წელს ის გაიხსნა ოფიციალურად, მაგრამ, სამწუხაროდ, 2013 წლამდე ვერ მოხერხდა ლუგარის ცენტრის ამუშავება, რადგან ლუგარის ცენტრი თავიდან განსაზღვრული იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის, მერე ის წაართვეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, გადაიტანეს სხვის დაქვემდებარებაში, აღარ ვასახელებ ახლა ვინ, როგორ, რანაირად. როგორც აღვნიშნე, გაიხსნა 2011 წელს, მაგრამ ვერ ამუშავდა, რადგან ის ხალხი, ვისაც ეს უნდა აემუშავებინა, ძირითადად დასაქმებული იყო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. ამიტომ ვერ მოხერხდა მისი ამუშავება. 2013 წლის გაზაფხულზე დავით სერგეენკომ, როცა მე დავინიშნე ამ ცენტრის დირექტორად, ერთ-ერთ პირველ ამოცანად ეს დამისახა. მახსოვს, ორი დიდი ამოცანა დააყენეს ჩემ წინაშე, ეს იყო თამბაქოსთან ბრძოლის გაძლიერება ქვეყანაში, ეს იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალება და მეორე გახლდათ, რომ ლუგარის ცენტრის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, რადგან სერიოზული თანხები იხარჯებოდა აშშ-ის მიერ ლუგარის ცენტრის შესანახად. ამას ყველაფერს იხდიდა აშშ და მათ თქვეს, რომ ჩვენ ეს უნდა გადავიხადოთ 2015 წლამდე და შემდეგ ეს თქვენ უნდა გადაიხადოთო. ლუგარის ცენტრი არ მუშაობდა ამ დროს. ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაისახა, თუ რა უნდა გაკეთებულიყო, მეც წარვადგინე რამდენიმე ვერსია ლუგარის ცენტრის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი იყო, რომ ლუგარის ცენტრი უნდა დაბრუნებოდა თავის პირვანდელ ინსტიტუციას, რომელიც არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. დავდეთ მისი განვითარების პროგრამა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, 2013 წლის მაისში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლუგარის ცენტრი ისევ გადმოეცა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, როგორც მისი ლაბორატორიული ნაწილი.
„გადაწყვეტილების თანახმად, ის უნდა ყოფილიყო არა მარტო დაავადებათა კონტროლის ცენტრის, არამედ იქ შეეძლოთ ემუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მათ განსაკუთრებით საშიში პათოგენები აქვთ, ბაქტერიოფაგს, რომელსაც აგრეთვე განსაკუთრებით საშიში პათოგენები აქვს ან ნებისმიერ უნივერსიტეტს, ვისაც ექნებოდა პროექტები ბიესელს სამის მოთხოვნით. ასეც არის დღეს. ეს არის ქვეყნის საერთო ლაბორატორია, სადაც ყველას შეუძლია, ცდები ჩაატაროს, ბიოუსაფრთხოების მესამე დონისთვის მათ უნდა გაიარონ შესაბამისი ტრენინგი, მერე ჩვენ გადავამზადებთ. დღეს ქვეყანაში 40-45 ადამიანია, ვისაც ბიოუსაფრთხოების მესამე დონეში შეუძლია მუშაობა, იქ თავისი პირობებია. ეს გადმოგვეცა მაისში და აგვისტოში ლუგარის ცენტრი ამუშავდა. აკრიფა ძალები, თანდათან უფრო განვითარდა, შემდეგ გაფართოვდა მუშაობის არეალი, შემდეგ დაიწყო ჰეპატიტის პროგრამა, სადაც ლუგარს აქვს სერიოზული სეგმენტი. გვაქვს კორონავირუსული ინფექცია, სადაც ლუგარს აქვს თავისი სერიოზული დანიშნულება და კიდევ ბევრი. პირველი აღმოჩენები გაკეთდა მსოფლიოში ლუგარში. ადამიანები, რომლებიც გამოდიან და ხშირად საუბრობენ ამაზე, ხშირად ამახინჯებენ ფაქტებს, თითქოს ყველაფერი აშენდა და გაკეთდა რაღაცა პერიოდში, არა სინამდვილეში ეს ყველაფერი დაიწყო 1997 წელს 1999, 2000, 2001, 2002, 2003 და თვითონ მშენებლობა და კონსტრუქცია 2004-ში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.