ამირან გამყრელიძე - ლაპარაკობდნენ, რომ კოვიდი ჩვეულებრივი გრიპის ვირუსია, ხომ დავრწმუნდით, რომ საკმაოდ ვერაგია
ამირან გამყრელიძე - ლაპარაკობდნენ, რომ კოვიდი ჩვეულებრივი გრიპის ვირუსია, ხომ დავრწმუნდით, რომ საკმაოდ ვერაგია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაწესებული რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა განხორციელდეს.

გამყრელიძემ მოქალაქეებს მიმართა, გაითავისონ, რამდენად ვერაგი დაავადებაა კორონავირუსული ინფექცია და რეკომენდაციები დაიცვან.

რეგულაციებზე საუბრისას, ამირან გამყრელიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადის ტარებაზე და აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაცვის საშუალებაა.

„მოვუწოდებ საზედამხედველო ორგანოებს – ეს არის პოლიცია, შრომის ინსპექცია, ყველა მუნიციპალიტეტს თავისი საზედამხედველო ორგანო აქვს, რომ განსაკუთრებული სიმკაცრით იყოს კონტროლი აღსრულებაზე. პირბადის ტარების მაჩვენებელი 90-95 პროცენტზე თუ ავა, დეკემბრამდე დავზოგავთ 200-250 ადამიანის სიცოცხლეს. ამიტომ, ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, მაგრამ მარტო ზედამხედველობა, მარტო დაშინება, მარტო ჯარიმა, შოლტი არა. უკვე ორი წელი გადის, რაც ეს „კოვიდი“ არსებობს. იყო ლაპარაკი – რა „კოვიდი“, გრიპის ჩვეულებრვი ვირუსია, სუსტი ვირუსია. ხომ დავრწმუნდით, რომ საკმაოდ ვერაგი ვირუსია. ხომ დავრწმუნდით, რომ პირბადე თურმე ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაცვის საშუალებაა. გავითავისოთ ყველამ ეს, იცავს, ბატონო, იცავს, და ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.