ამირან გამყრელიძე - კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტით სარგებლობის პერიოდი დიდი დისკუსიის საგანია, ვფიქრობ, საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უვადო მწვანე პასპორტების საკითხი დიდი დისკუსიის საგანია.
გამყრელიძე მიიჩნევს, რომ „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი ვირუსის ახალი შტამისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.
„დღეს რაც დადგენილია რეგულაცია, საკოორდინაციო საბჭომ რაც დაადგინა, მწვანე პასპორტი ეძლევა ადამიანს, ვისაც გადატანილი აქვს კოვიდი და არ აქვს მნიშვნელობა, როდის. ასევე თუ აცრილია ორჯერ ან ბოლო 24 საათში ან 72 საათში სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს. ესენია მწვანე პასპორტის გაცემის პირობები. ვისაც ბოლო 72 საათში აქვს ჩატარებული ტესტი და სხვა არაფერი აქვს გაკეთებული, მას ეძლევა მხოლოდ 72 -საათიანი მწვანე საშვი, შემდეგ უკვე დაუბლოკავს აპლიკაცია. ვისაც მხოლოდ ანტიგენის 24-საათიანი ტესტი აქვს და აცრილი არ არის, იმას მხოლოდ 24 საათი ექნება უფლება, ისარგებლოს.
მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე დიდი დისკუსიის საგანია მწვანე პასპორტით სარგებლობის პერიოდი კოვიდგადატანილების შემთხვევაში. ამის შესახებ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. ვნახოთ, „ომიკრონის“ და კიდევ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ვფიქრობ, საკითხზე დისკუსია გაგრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, კითხვაზე, წახალისდებიან თუ არა პენსიონერების მსგავსად ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ არ აცრილან, გამყრელიძემ განაცხადა, რომ პროგრამის ამოქმედება ახალგაზრდების მიმართ ჯერ არ იგეგმება.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, 9 ნოემბრის შემდეგ პროგრამის ფარგლებში 80 ათასამდე პირია აცრილი.
„ახალგაზრდებზე ჯერ არა, ეს პროგრამა ამოქმედდა 60 წლის ზემოთ მოსახლეობაზე, რადგან სიკვდილიანობის 85% არის ამ ასაკზე. ეს არის ყველაზე მოწყვლადი ასაკი, ამიტომ სასურველია, რომ სრულად იყვნენ აცრილი. დღეს ამ ასაკის მხოლოდ 40% -ია აცრილი. მოგეხსენებათ, პროგრამის შესახებ 8 ნოემბერს გამოცხადდა და 9 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. ცხრიდან დღემდე 80 ათასამდე ადამიანია აცრილი. ჯერ მთავარია, ავცრათ ეს ასაკი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.