ამირან გამყრელიძე - „კოვაქსმა“ დაადასტურა, რომ დაახლოებით მესამე კვარტალში საქართველოს მოეწოდება „ნოვოვაქსის“ ვაქცინის 700 000-მდე და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ 130 000-მდე დოზა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის აქტივობა თანდათან იზრდება, რის გამოც საჭიროა ვაქცინების მარაგის დამატებით მობილიზება.
როგორც გამყრელიძემ ფეისბუქჩართვის დროს განაცხადა, ივნისის ბოლოს-ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა ნახევარ „სინოფარმის“ მილიონ დოზამდე ვაქცინას მიიღებს, მესამე კვარტალში კი „ფაიზერის“ მილიონ დოზა ვაქცინას ელოდებიან.
მისივე თქმით, „კოვაქსმა“ დაადასტურა, რომ დაახლოებით მესამე კვარტალში საქართველოს მოეწოდება „ნოვოვაქსის“ ვაქცინის 700 000-მდე და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ 130 000-მდე დოზა.
„ქვეყანაში აცრების ინტენსივობა თანდათან იზრდება. დღესდღეობით, ჩვენ მარაგში გვაქვს როგორც პირველი, ისე მეორე აცრისთვის ვაქცინის 160 000-მდე დოზა. იცით, მოსალოდნელია და უკვე დაზუსტებულია, რომ ივნისის ბოლოს-ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა დაახლოებით ნახევარ მილიონ დოზა „სინოფარმს“ მიიღებს. ასევე, მესამე კვარტალში განსაზღვრულია უკვე დაახლოებით მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის მიღება. ამასთან, „კოვაქსმაც“ დაადასტურა „ნოვოვაქსის“ ვაქცინის 700 000-მდე და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ 130 000-მდე დოზის მესამე კვარტალში მოწოდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამდენად, გამყრელიძის განცხადებით, მესამე კვარტალში ქვეყანას ვაქცინების საკმაოდ დიდი მარაგი ექნება, რაც შესაძლებელს გახდის, რომ აღნიშნულ პერიოდში კორონავირუსზე მასობრივი აცრები დაიწყოს.
„მესამე კვარტალში ქვეყანას ვაქცინების მარაგის საკმაოდ დიდი რაოდენობა ექნება. ამიტომ მესამე კვარტალში განსაზღვრულია ინტენსიური, ანუ მასობრივი აცრები. დღიურად უნდა აიცრას დაახლოებით 15 000-16 000 ადამიანი. ამასთან ერთად, ქვეყანა ემზადება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მეტად მოსაწესრიგებლად“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.