ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის პიკი თითქოს გადავიარეთ, მაგრამ ეს თვითდამშვიდების საბაბი არ არის
შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. გამოჩნდა, რომ პიკი თითქოს უკვე გადავიარეთ. პიკში ვიყავით ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების კლებისა, ვითარება დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
„მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია და თვითდამშვიდების საბაბი არ არის. რადგან, ძირითადად, ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული – შემზღუდველი ღონისძიებები, რომლებიც იძლევა ეფექტს, გაფართოებული ტესტირება, ხელმისაწვდომობა და დროული იზოლაცია „კოვიდ“-დადებითი ადამიანების, მათ შორის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები, ნიღბის ტარების კულტურის გაზრდა, 65 პროცენტამდეა გაზრდილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ადგილი აქვს გარკვეულ ტენდენციას. შეიძლება ვთქვათ, შეჩერდა ზრდის მაჩვენებელი, მაგრამ ეს დამშვიდების არავითარ საფუძველს არ იძლევა. გაფართოებული ტესტირების ფონზე, იგივე ამ კვირაში ჩვენ შესაძლოა, კიდევ გვქონდეს დღევანდელთან შედარებით ინფიცირებულთა ზრდა, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს არ უნდა იყოს ისეთი ზრდა, რომელიც წინა კვირის საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.