ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ხუთ-შვიდ შემთხვევაში ინფიცირების პირველწყაროზე ვერ გავდივართ
ახალი კორონავირუსის ხუთიდან შვიდამდე შემთხვევაში ინფიცირების პირველწყაროზე ვერ გავდივართ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელში ყველა წყარო დადგენილია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ღონისძიებების გამკაცრების საფუძველი შესაძლოა, ის იყოს, რომ გარდაბნის სოფლებში ტესტირებაზე მოსახლეობის დამყოლობა დაბალია.
„ხუთიდან შვიდამდე შემთხვევაა, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე, დაახლებით ამ ფარგლებშია და ეს ნიშანია იმისა, რომ ინფექცია ტრიალებს, ცირკულირებს მოსახლეობაში, როდესაც პირველწყაროზე ვერ გავდივართ. ეს არ არის ღონისძიებების გამკაცრების, სხვადასხვა დასახლების ჩაკეტვის საფუძველი. გარდაბნის სოფლებში ჩვენ ყველა წყარო ვიცით, მაგრამ იმის გამო, რომ დამყოლობა არის ცუდი, უნდა განხორციელდეს ასეთი ღონისძიებები. სხვა შემთხვევებში ფართომასშტაბიან კვლევებს ყველა კონტაქტირებულთან ვაწარმოებთ და იმედია, უმრავლეს შემთხვევაში, პირველწყაროზე გავალთ, ეს არ არის ხოლმე ერთი დღის და ერთი საათის საქმე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.