ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის გავრცელების პიკს გავდივართ, შეიძლება ითქვას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება
ჩვენ ახლა გავდივართ პიკს. გარკვეულწილად, ვართ პიკის დაღმავალ ფერდზე. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მიუხედავად ამისა, როგორც გამყრელიძე აცხადებს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი კვლავაც მაღალია.
ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას აუცილებელი რეგულაციების სათანადოდ დაცვისკენ მოუწოდა.
„ერთ-ერთი სერიოზული ინდიკატორი, რაც არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობა ორი-სამი კვირით მიჰყვება ეპიდსიტუაციის პიკს. იზრდება სიკვდილიანობა პიკური პერიოდიდან ორი კვირის შემდეგ. ახლა დაახლოებით ამ ფაზაში ვართ. ამიტომ, შევეცადოთ, ყველა რეკომენდაცია დავიცვათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.