ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის 157 შემთხვევიდან 99 პროცენტში წარმომავლობა და გავრცელების ჯაჭვი ცნობილია, უმრავლეს შემთხვევაში პირველ წყაროზე გავედით
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის 157 შემთხვევიდან 99 პროცენტ შემთხვევაში, ინფიცირების წყარო და ვირუსის გავრცელების ჯაჭვი ცნობილია.
„იმ 157 შემთხვევაში, რაც დღეს ქვეყანაში არის, 99 პროცენტი ჩვენთვის ამ შემთხვევების წარმომავლობა და ჯაჭვი გავრცელებისა, ცნობილია. ჩვენ ვსაუბრობდით 2-3 შემთხვევაზე, შემდეგ იმ ერთზეც გავედით. უმრავლეს შემთხვევაში, ხაზს ვუსვამ, ჩვენ გასული ვართ პირველ წყაროზე. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც უფრო მოზრდილი კლასტერებია და მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, რომ პირველ წყაროზე გავიდეთ, თუმცა ქვეყანაში შიდა გავრცელების, ანუ დაუდგენელი წყაროს მიერ გავრცელების შემთხვევები გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსთავშიც გახდეს საჭირო იმ ღონისძიებების გატარება, რაც მარნეულსა და ბოლნისში, გამყრელიძემ უპასუხა, რომ ვითარებას აკვირდებიან.
„ვაკვირდებით სიტუაციას. რუსთავში ყალიბდება კლასტერი და ამ გადაწყვეტილებებს იცით, რომ იღებს საკოროდინაციო საბჭო შესაბამისი ანალიზის საფუძველზე“, – დასძინა გამყრელიძემ.