ამირან გამყრელიძე - ხშირად საუბრობენ, რომ ქვეყანაში ბევრად მეტი ინფიცირებულია, ვიდრე ჩვენ ვავლენთ, რასაც არ ვადასტურებთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვეყანაში იმაზე ბევრად მეტი ინფიცირებულია, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკით არის ცნობილი.
მისივე თქმით, არის გარკვეული პროცენტი ადამიანებისა, ვინც იდენტიფიცრებული არ არის, თუმცა ე.წ. ცხელების ცენტრების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, გამოვლენის მაჩვენებელიც გაიზარდა.
„ამაზე ხშირად არის საუბარი, რომ ბევრად მეტია ქვეყანაში ინფიცირებული, ვიდრე ჩვენ ვავლენთ, რასაც კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არ ვადასტურებთ. დიახ, არის გარკვეული პროცენტი, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული. ამიტომაც დღეს, როდესაც გავზარდეთ ცხელების კლინიკების რაოდენობა ქვეყანაში და ყველა იტესტება ცხელების კლინიკებში, ნახავთ, რომ კიდევ უფრო გაიზარდა გამოვლენის მაჩვენებელი, მაგრამ ჩვენ ასევე ვაკვირდებით პნევმონიების რაოდენობას ქვეყანაში. ვადარებთ გასულ წელს არსებულ პნევმონიების რაოდენობას სამ თვეში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არაიდენტიფიცირებული არის გარკვეული პროცენტი, მაგრამ ეს არ არის სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ მეტი, რასაც ზოგჯერ საზოგადოებაში საუბრობენ. მაგრამ, ამის საშიშროება ნამდვილად არსებობს, რომ ქვეყანაში ეპიდემიის სწრაფი ზრდა იყოს. ამიტომაც ვაფრთხილებთ მოსახლეობას და ამიტომაც მოვუწოდებთ, რომ დარჩით სახლში, დაიცავით სოციალური დისტანცირება, რადგან ამაზე ძლიერი ინსტრუმენტი დღეს არ არსებობს“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.