ამირან გამყრელიძე - ხმა მიწყდებოდა, ახალციხეში მომხდარ შემთხვევაზე ალბათ ყველაზე მეტად ვნერვიულობ და განვიცდი
აცრები ალერგიულ ადამიანებსაც უკეთდებათ. ალერგია აცრის აბსოლუტურ წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ექიმი აბსოლუტურ გარანტიებს ვერც ერთი ტიპის ჩარევასა და მკურნალობაზე ვერ იძლევა. ამასთან, როგორც გამყრელიძე ამბობს, აცრებზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია. მისივე თქმით, სწორედ აცრებმა უნდა დაუსვას წერტილი კოვიდინფექციას.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ახალციხეში მომხდარ შემთხვევაზე ძალიან ნერვიულობს, მეორე მხრივ, თავს ვალდებულად მიიჩნევს, საზოგადოება ვაქცინის სარგებლიანობასთან დაკავშირებით სათანადოდ ინფორმირებული იყოს.
„არც ერთი ქრონიკული დაავადება, გარდა რამდენიმე დაავადებისა, სადაც მძიმე იმუნოდეფიციტებია, აცრების წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს. ქრონიკული დაავადებების დროს დიაბეტიანებს, გულის, ფილტვის ქრონიკული დავადებების მქონე ავადმყოფებს ვურჩევთ, აიცრან, რადგან კოვიდი გართულებებს იძლევა. სრულად გამჭვირვალედ უნდა ვესაუბროთ მოსახლეობას. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. ექიმი აბსოლუტურ გარანტიებს ვერც ერთი ტიპის ჩარევასა და მკურნალობაზე ვერ იძლევა. მაგრამ, ხაზს ვუსვამ, აცრების სარგებელი იმდენად დიდია იმ ზიანთან, რაც მოაქვს ამა თუ იმ ინფექციურ დაავადებას, რომ მოწოდება მხოლოდ ერთია ხოლმე. აცრებზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია. აცრებმა უნდა დაუსვას წერტილი კოვიდინფექციას. ალბათ დამიჯერებთ, რომ ხმა მიწყდებოდა, ამ საკითხთან მიმართებით დღეს მე ალბათ ყველაზე მეტად ვნერვიულობ და განვიცდი. მაგრამ, მეორე მხრივ, ცივი გონებით, როცა სარგებელს და ზიანს ვწონი, ვალდებული ვარ, თქვენი საშუალებით საზოგადოებას ვუთხრა სიმართლე. დამერწმუნეთ, არაფერი დამალული არ იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ახალციხეში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთნის მდგომარეობა გართულდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. როგორც ექიმები საუბრობენ, 30 წლამდე ექთნის მდგომარეობა რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამსხვრიეს. კლინიკასთან ამ დროისთვის სამართალდამცველების იმყოფებიან.