ამირან გამყრელიძე - კაფე „დონასთან“ სულ 23 შემთხვევაა დაკავშირებული, ძირითადად ინფიცირებული არიან თანამშრომლები, ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად გავიდა ინფექცია „დონას“ გარეთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმში მიკრო ეპიდაფეთქება ფიქსირდება, რომელიც კაფე „დონას“ უკავშირდება.
მისივე თქმით, სულ გამოვლენილია 23 შემთხვევა და ძირითადად თანამშრომლები არიან ინფიცირებული.
„38 ახალი შემთხვევიდან 22 არის დაკავშირებული ე.წ. კაფე „დონას“ კლასტერთან, ალბათ ბევრი ხართ ნამყოფი ბათუმში, მიკროეპიდაფეთქება გვაქვს. 22 შემთხვევა იყო გუშინ და პლუს ერთი წინა დღეს, სულ 23 შემთხვევაა დაკავშირებული „დონასთან“. ძირითადად დაინფიცირებული არიან თანამშრომლები. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად გავიდა ინფექცია „დონას“ გარეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, უკვე მიმართეს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო დღეებში კაფე „დონაში“ იმყოფებოდნენ, ბათუმში განთავსებულ კარვებში ნებაყოფლობითი ტესტირება ჩაიტარონ.
გამყრელიძე ამბობს, რომ ამჟამად 600 ნიმუშია აღებული, რომლის პასუხებიც დღეს გახდება ცნობილი.
„გუშინ საღამოს გამოცხადდა, მასიურად ყოფილიყო მოწოდება ადამიანებისთვის, ვინც იყო ბოლო დღეებში ამ კაფეში, შეეძლოთ მისვლა ბათუმში კარვებში, რათა ჩაეტარებინათ ტესტირება , 600-მდე ტესტია აღებული და დღეს გვექნება მათი პასუხები“, – განაცხადა გამყრელიძემ.