ამირან გამყრელიძე - ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ თუ მოიმატა, იძულებული ვიქნებით, ქვეყანაში უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების საკითხი დავაყენოთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა ინფექციის ინტენსიური შიდა გავრცელებისა და მესამე ტალღის წინა ეტაპზე იმყოფება.
გამყრელიძის თქმით, მოქალაქეები წესებს თუ არ დაიცავენ, იძულებული გახდებიან, საკოორდინაციო საბჭოზე ქვეყანაში უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების საკითხი დააყენონ.
„დამატებითი, ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება რომ არ დაგვჭირდეს, პირველ რიგში, ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები და შეზღუდვები, რაც არის დღეს დაწესებული. თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ, დიდი ალბათობით, ჩვენ შევაკავებთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და არ დაგვჭირდება რადიკალური შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ მოიმატა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ ქვეყანაში უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების საკითხი, რადგან ჩვენ ვდგავართ შიდა გავრცელებისა და მესამე ტალღის წინა ეტაპზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.