ამირან გამყრელიძე - ინციდენტობის მაჩვენებელს თუ ავიღებთ, ჯერჯერობით კარგად გამოვიყურებით
აჭარაში დადებითობის პროცენტო საკმაოდ მაღალი გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ მიზნობრივი ტესტირება შედეგს იძლევა იმისა, რომ თითქმის ყველა ხუთიდან ერთში ინფიცირება დგინდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საერთო ინციდენტობის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო ეგრეთ წოდებულ, დაბალ დიაპაზონშია ჯერჯერობით, ამ კუთხით ქვეყანა კარგად გამოიყურება.
„მთლიანად საქართველოში ეს მაჩვენებელი 3.69 პროცენტია. იცით, ჩვენთან ინციდენტობის მაჩვენებელს ვითვლით ბოლო შვიდი დღის და ბოლო 14 დღის განმავლობაში. შვიდი დღის მაჩვენებელი გვაქვს 12/100 000 მოსახლეზე მთელს ქვეყანაში და 14-დღიანი ინციდენტობის საშუალო მაჩვენებელი არის 9.6/ 100 000 მოსახლეზე. მაშინ, როცა აჭარაში, რა თქმა უნდა, დაახლოებით 9-10-ჯერ მეტია ორივე მაჩვენებელი, როგორც შვიდდღიანი, ისე 14-დღიანი, ასევე მომატებულია შვიდდღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი გურიაში, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.
მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად თუ ავიღებთ ინციდენტობის მაჩვენებელს, რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერჯერობით კარგად გამოვიყურებით, რადგან საერთო ინციდენტობა ამ რვა თვის განმავლობაში ჩვენთან არის 2 340/ 100 000 მოსახლეზე და ჩვენ ვართ დიაპაზონში ათასიდან ხუთი ათასამდე. მაშინ, როცა ისეთ ქვეყნებს, როგორიც გახლავთ მაგალითად, ბელარუსია, აქვს რვა ათასი, ნიდერლანდებს 7 600, შვედეთს 9 600, საფრანგეთს 9 200, სომხეთს 17 000, ესპანეთს 16 000, მოლდოვას 13 000, ბელგიას 11 000 და ასე შემდეგ. ჯერჯერობით, საერთო ინციდენტობის მაჩვენებლით საქართველო ეგრეთ წოდებულ, დაბალ დიაპაზონშია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.