ამირან გამყრელიძე - იმუნიზაციის საბჭო მსჯელობს და მალე იქნება დასკვნა, დავწევთ თუ არა „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის ასაკს 12 წლამდე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იმუნიზაციის სამეცნიერო ჯგუფი მსჯელობს „ფაიზერით“ ვაქცინაციის 12 წლის ასაკამდე დაწევაზე.
მისივე თქმით, საკითხზე დასკვნა ცნობილი გახდება უახლოეს პერიოდში.
„მიმდინარეობს მუშაობა „ფაიზერით“ ვაქცინაციის ასაკის დაწევაზე. „ფაიზერი“ ყველაზე დიდად ადმინისტრირებადი ვაქცინაა ქვეყანაში. 750 ათასამდე დოზა უკვე გამოყენებულია. ამდენივე კიდევ გვაქვს და ვმუშაობთ „ფაიზერის“ დოზების კიდევ მოპოვებაზე. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ 750 000 დოზა რაც არის, სწრაფად იქნას ათვისებული.
ასევე, იმუნიზაციის სამეცნიერო ჯგუფი, რომელშიც ჩვენი ექიმები შედიან, მსჯელობს და მალე იქნება დასკვნა, დავწევთ თუ არა ასაკს 12 წლამდე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე აქვს თავისი რეკომენდაცია, რომ აიცრას არა ყველა, არამედ შერჩევითად, შესაბამისი ჩვენებებით, 12 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები. ამიტომ ჩვენ ავწონ-დავწონით, როგორ აკეთებენ ამას სხვა ქვეყნები, რა სახის რეკომენდაციები აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, და იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას შესაბამისად მიიღებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.