ამირან გამყრელიძე - იხსნება კიდევ რამდენიმე კერძო ლაბორატორია და მოქალაქეებისთვის ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა უფრო გაფართოვდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მოქალაქეებისთვის ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაფართოვდება, რაც ეპიდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მიმართულებაა. გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში რამდენიმე ახალი კერძო ლაბორატორია გაიხსნება.
„ჩვენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში „პისიარ“ ტესტების საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 9 800. ანუ, თითქმის 10 000, მთელი ბოლო თვის. სიმძლავრე ყოველდღიურად იზრდება, სადღაც 12-13 000-ზე შეგვიძლია ავიდეთ. ამასთან, ბოლო ორ კვირაზე მეტია, ანტიგენის ტესტი შემოვიდა საკმაოდ აქტიურად და ამის დიდი დიდი პრომოცია მიმდინარეობს. დაახლოებით უკვე ავედით საშუალოდ 2 500-დან 3 000-მდე ტესტზე. ოქროს სტანდარტად ისევ „პისიარი“ რჩება. ტესტირების გაფართოება ზოგადად არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეპიდემიასთან ბრძოლის, თან და თან ვაფართოებთ. ალბათ მომავალი 2 კვირის განმავლობაში გაორმაგდება, 6 000, 7 000, 8000-მდე ავა ანტიგენის ტესტირება. ერთი დიდი აპარატი დაემატა ქვეყანას, ასე ვთქვათ, დიდი კომბაინი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დღეში დაახლოებით, 1 500 დავამატოთ, რამდენიმე ახალი კერძო ლაბორატორია იხსნება და სადღაც 2 000, 3000 „პისიარ“ ტესტი დღიურად უახლოესი ორი, სამი კვირის განმავლობაში ქვეყანას შეიძლება, დაემატოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.