ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გარდაბანში ეპიდემიური ვითარება საყურადღებოა და ხვალიდან ორ სოფელში გაფართოებული ტესტირება დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კვლავ ჭარბობს კორონავირუსის შემოტანილი შემთხვევები.
მისივე თქმით, ახალი შემთხვევების დროული იდენტიფიცირება ხდება. თუმცა, აქვე გამყრელიძე აღნიშნავს, რომ გარდაბანში არსებული ეპიდემიური ვითარება საყურადღებოა.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ხვალიდან გარდაბნის ორ სოფელში გაფართოებული ტესტირება იწყება.
„ისევ და ისევ ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ დროულ იდენტიფიცირებას ვუკეთებთ და შემდეგ დროულად გადაგვყავს სამკურნალოდ. ცოტა გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ქვემო ქართლში, გარდაბანში. გარდაბნის ორ სოფელში, სადაც ბოლო 20 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, ხვალიდან იწყება გაფართოებული ტესტირება. სოფლების ჯგუფია, პირდაპირ გეტყვით. ერთ-ერთ სოფელში გვაქვს უკვე 11 ინფიცირება და ხვალიდან ორ სოფელში დავიწყებთ გაფართოებულ ტესტირებას. ანუ, გვინდა, რომ მთლიანად სოფლის მოსახლეობა გავტესტოთ. სადაც დადებითი იქნება, დროულად რომ იქნას იზოლირებული და გადაყვანილი სამკურნალოდ.
ვფიქრობთ, ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება, დროულად ჩავახშოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ რეგიონში დაიტესტება რამდენიმე ათასი ადამიანი. რაც შეეხება პირველწყაროს, რამდენიმე შემთხვევაში ცნობილია, სამ შემთხვევაში კი ჯერჯერობით არ ვიცით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
კითხვაზე, არის თუ არა საშიშროება, რომ აღნიშნული სოფლები ჩაიკეტოს, გამყრელიძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.